საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც დიდ ბრიტანეთში იმყოფება, Sky News-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში „პრორუსული ჯგუფებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის გარკვეული ფორმების მხარდასაჭერად დაფინანსება შემოედინება“. მისივე თქმით, არიან პრორუსული ჯგუფები, რომლებიც ამის შესახებ ღიად არ აცხადებენ.
„საქართველოში იმას ვხედავთ, რასაც სხვაგანაც ვხედავთ და დარწმუნებული ვარ, წელს კიდევ უფრო მეტს დავინახავთ, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა უცხოურ მედიასთან ინტერვიუში.
საქართველოზე რუსეთის გავლენის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის გავლენა ყველას უნდა აწუხებდეს და „არა მხოლოდ ჩვენ“.
„ჩვენ ეს გვაწუხებს, რადგან ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია; ჩვენ ეს გვაწუხებს, რადგან ოქტომბერში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება და ვიცით, ბევრი სხვა, ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნის გამოცდილება - როგორ შეუძლია რუსეთს არჩევნებში ჩარევა და როგორ შეუძლია რუსეთს ჰიბრიდული ომის გაჩაღება. ამას ჩვენ პირადად განვიცდით - კიბერშეტევები, ეკონომიკური ზეწოლის შესაძლო გამოყენება, პროპაგანდა, მარგინალური ჯგუფების დაფინანსება. საქართველოში პრორუსული ჯგუფები ნამდვილად მარგინალურები არიან, რადგან ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.