საქართველოში, პაციენტთა უსაფრთხოების მსოფლიო დღე აღინიშნა. ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე, ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ასევე, ისაუბრეს პაციენტის უსაფრთხოების გაუმჯობესებაში, სწორი და დროული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე.
ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პაციენტთა უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, მნიშვნელოვანია პოლიტიკის შემქმნელებისა და ჯანდაცვის სექტორის თანამშრომლობა.
აღსანიშნავია, რომ სამინისტრომ, დარგობრივ ასოციაციებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, პაციენტის უსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით, საკუთარი რეკომენდაციების გაზიარების ინიციატივით მიმართა. როგორც ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სამინისტრო აქტიურად განიხილავს და დაამუშავებს, უშუალოდ ღონისძიებაზე, თუ მისი მზადების პროცესში, სექტორის მხრიდან მიღებულ წინადადებებს.
პაციენტთა უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის, შეხვედრაზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხედვები და მოსაზრებები წარადგინა ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის მრჩეველმა ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით, თომას რუბალმა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები თეა გიორგაძე და ირინე წაქაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, მისი მოადგილეები ვლადიმერ კახაძე და ზაალ მიქელაძე. ასევე - ჯანდაცვის სექტორის, დარგობრივი ასოციაციების, ჯანდაცვის სამინისტროსა და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები.
პაციენტთა უსაფრთხოების მსოფლიო დღე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, 2019 წელს დააწესა. მისი მიზანი პაციენტის უსაფრთხოების გაუმჯობესების ხელშეწყობა და ამ საკითხზე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით, 17 სექტემბრის მთავარი გზავნილია „დიაგნოსტიკის გაუმჯობესება პაციენტის უსაფრთხოებისთვის“, რაც სწორი და დროული დიაგნოსტიკის კრიტიკულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს.