დიზაინ ჰაუსი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის გახსნა და ჰემატო-ონკოლოგიური სერვისების გაფართოება იგეგმება.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, ამ მიზნით, უწყებაში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომლის წევრებიც თელ-ავივში, ონკო-ჰემატოლოგიური მიმართულებით წამყვან სახელმწიფო კლინიკებში იმყოფებოდნენ.
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა კლინიკების ხელმძღვანელებსა და კლინიცისტებთან შეხვედრები გამართეს და ჰემატო-ონკოლოგიური სერვისების მიმართულებით დანერგილ პრაქტიკასა და გამოცდილებას გაეცნენ. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. შეხვედრები გაიმართა ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც, რომლებიც არასაბიუჯეტო თანხების მობილიზებით და საყოველთაო სოლიდარობით, ისრაელში ბავშვთა ონკოლოგიური სერვისების განვითარებას უწყობენ ხელს.
თელ-ავივში ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფის ვიზიტი ისრაელში საქართველოს საელჩოსა და საქართველოში ისრაელის ელჩის, ჰადას მეიცადის ხელშეწყობით გაიმართა. შეხვედრებში, სამუშაო ჯგუფთან ერთად, მონაწილეობდა საქართველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია.
საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის შექმნის პროცესში უწყება განვითარებული ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების გაზიარებასა და უცხოელი ექსპერტების ჩართვას გეგმავს. ისრაელის შემდეგ სამუშაო ჯგუფის წევრები ჰემატო-ონკოლოგიური სერვისების მიმართულებით არსებულ პრაქტიკას გერმანიაში გაეცნობიან.
ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 
60