
საქართველოში 85 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის წილი გაიზარდა 14 წლამდე კი შემცირდა. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში სახელწოდებით „დემოგრაფიული ვითარება საქართველოში“ არის აღნიშნული.
სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა ჯამში 3.704 მლნ ადამიანს შეადგენდა, აქედან 0-14 წლამდე ასაკის იყო 712.5 ათასი, 15-64 წლამდე - 2.377 მლნ ადამიანი, 65 წელს ზემოთ - 615 ათასი კაცი, ხოლო 85 წელს ზემოთ - 49.5 ათასი.
აღნიშნული მაჩვენებლები წინა წლის იგივე პერიოდს რომ შევადაროთ, საქართველოს შემცირებულია მხოლოდ 0-14 წლამდე მოსახლეობის წილი. უფრო კონკრეტულად, 2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, 14 წლამდე 721.6 ათასი პირი იყო, 15-64 წლამდე - 2.376 მლნ ადამიანი, 65 წლიდან ზემოთ - 596.7 პირი, ხოლო 85 წლიდან ზევით - 47.3 ათასი ადამიანი.
ზემოთ მოყვანილი მაგალითი კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ ტენდენციას, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. მეტიც, შობადობა ბოლო 30 წლის მინიმუმზეა. მაგალითისთვის, გასულ წელს საქართველოში 40 ათასზე ნაკლები ბავშვი დაიბადა (39 483), რაც 1935 წლიდან დღემდე, უპრეცედენტო მოვლენას წარმოადგენდა. როგორც დემოგრაფები ამბობენ, დაბადებული ბავშვების რაოდენობაზე უფრო ნაკლები ახალშობილი, მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში 1943 წელს დაფიქსირდა (34 057).
ამასთან, 1994-2024 წლების განმავლობაში შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2014 წელს იყო და 60 635 შეადგინა. მას შემდეგ ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იკლებს. ბოლო წლებში კლების დინამიკით ხასიათდება გარდაცვალების მაჩვენებლებიც, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი შობადობას აჭარბებს. მაგალითად, 2024 წელს ქვეყანაში 43 971 პირი გარდაიცვალა.