
26 თებერვალს რეიკიავიკში, საქართველოსა და ისლანდიას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ეფუძნება ლიბერალურ პრინციპებს და არ ითვალისწინებს შეზღუდვებს დანიშნული ავიაკომპანიების რაოდენობასა და დანიშნულების პუნქტებზე.
"ამასთან, დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვთ თავად განსაზღვრონ ფრენების ტევადობა და სიხშირე. შეთანხმება ძალაში ორივე მხარის მიერ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ შევა. მასზე მუშაობა საქართველოსა და ისლანდიას შორის 2018 წელს დაიწყო. 2023 წელს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით გამართული საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მოლაპარაკებების (ICAN2023) ფარგლებში კი, მხარეთა მიერ განხორციელდა შეთანხმების პარაფირება.
შეთანხმება უზრუნველყოფს სამართლებრივ წინაპირობას ორ ქვეყანას შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების დაწყებისთვის, რაც გაზრდის ავიაკომპანიების დაინტერესებას და ხელს შეუწყობს როგორც ფრენების არეალის გაფართოებას, ისე ტურიზმისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას", - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.