საქართველოსა და დომინიკის თანამეგობრობას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, – ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ნიუ იორკში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და დომინიკის თანამეგობრობის მთავრობას შორის „დიპლომატიური, სამსახურებრივი და ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“.
დომინიკის თანამეგობრობის მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა გაერო-სთან დომინიკის თანამეგობრობის მუდმივმა წარმომადგენლმა, ფილბერტ აარონმა.
დოკუმენტი ძალაში შევა ორივე მხარის მიერ შიდა პროცედურების დასრულებიდან ერთ თვეში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეთანხმება ხელს შეუწყობს ტურისტული, კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას და განაპირობებს ორივე ქვეყნის ცნობადობის გაზრდას შესაბამის რეგიონებში.