იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლად არჩეული წევრის ლევან მურუსიძის მტკიცებით, სასამართლოს თემა არ არის ის, რის გამოც შეიძლება, ფერხდებოდეს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება.
მისივე შეფასებით, უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, საქართველოს სასამართლო გაცილებით წინ არის.
„მიმაჩნია, რომ სასამართლო არ არის ის თემა, რომლის გამოც ფერხდებოდეს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღება, რადგან ამას ყველა ობიექტური წარმომადგენელი დაადასტურებს. რაც შეეხება უკრაინას და მოლდოვას, საქართველოს სასამართლო გაცილებით წინ არის მათთან მიმართებაში. ამიტომ, სასამართლოს თემის ხელზე დახვევა და თქმა, რომ სასამართლო არ არის ქვეყანაში, მიმაჩნია, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ბოროტებაა.
ჩვენ ვართ ანგარიშვალდებული საქართველოს მოსახლეობის წინაშე, შესაბამისად, ყველაზე მთავარ პრობლემად მიმაჩნია გადატვირთულობა, რომ მოქალაქეები წლების განმავლობაში ელოდებიან გადაწყვეტილების მიღებას. ეს არ მოხდება ერთ, ორ დღეში, მაგრამ ჩვენ უნდა დავიწყოთ ნაბიჯების გადადგმა, რათა უახლოეს პერიოდში საქართველოს მოსახლეობის წინაშე წარვდგეთ პირნათლები და ჩავაბაროთ ანგარიში იმ კუთხით, რომ სასამართლო იმუშავებს გამართულად და არ იქნება საქმეთა გაჭიანურება“, – აღნიშნა ლევან მურუსიძემ.
მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი დაამტკიცეს. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები ლევან მურუსიძე (268 ხმა) და დიმიტრი გვრიტიშვილი (267 ხმა) ხმათა უმრავლესობით და ფარული კენჭისყრით აირჩიეს.