საქართველოს მოქალაქის დაშავების, დაკარგვის ან გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საელჩოში არ შემოსულა, – ამის შესახებ ისრელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.
მისივე თქმით, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად ორი ქართველი ებრაელი დაიღუპა.
„ჯერ კიდევ არ არის ისრაელის ჯარის მიერ აღებული კონტროლი ყველა იმ დასახლებაზე, სადაც ტერორისტები არიან შესულები, ამიტომ ინფორმაციის მოპოვება კვლავ ჭირს. გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობიდან ყველას იდენტიფიკაცია ჯერ არ არის განხორციელებული. ასე რომ, არ არის ცნობილი, კონკრეტულად ვინ არის გატაცებული და ვინ არის გარდაცვლილი.
საქართველოს მოქალაქის დაშავების, დაკარგვის ან გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საელჩოში არ შემოსულა. ღვთის წყალობით, იმედი გვაქვს, რომ ისე დასრულდება ეს ყველაფერი, რომ არ იქნება საქართველოს რომელიმე მოქალაქე დაშავებული ან გატაცებული. ყოველ შემთხვევაში, 2 დღის მანძილზე ასეთი დადასტურებული ინფორმაცია არ შემოსულა.
დღეისთვის ორი ქართველი ებრაელია გარდაცვლილი. ჩვენი ნაწილია ესეც – ბუზუდაშვილი, პოლიციის თანამშრომელი, რომელიც გმირულად ასრულებდა თავის მოვალეობას და არის კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი, ავი აბრაამ ქუბელაშვილი, რომელიც აქ შეტაკებების დროს გარდაიცვალა. ჩვენ ვიზიარებთ ჩვენი ძმებისა და დების ამ საშინელ ტრაგედიას და ტკივილს და მათთან ერთად ვართ ამ გასაჭირის და ომის დროს”, – აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.
ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები 7 ოქტომბერს, გამთენიისას გაუშვეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. ისრაელის მედიაში გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, „ჰამასის“ სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულია 700-ზე მეტი ადამიანი, დაშავებულია, სულ მცირე, 2 315.