როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ფეისბუქ“–ლაივის დროს განაცხადა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გეგმავს, ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის შეღავათების დაწესების თაობაზე საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით მომავალ კვირას მიმართოს:
"ამაზე ჩვენ ვმუშაობთ, რამდენიმე პუნქტი, რაც საერთაშორისო გამოცდილებით არის, იგივე „კომენდანტის საათის“ დროს თავისუფალი გადაადგილება, უცხოეთში მგზავრობისას შესაბამისი დოკუმენტი... რამდენიმე ინიციატივაზე ვმუშაობთ, რომელსაც წინასწარ ვერ გავაჟღერებ, რომ მოსახლეობას ჰქონდეს მეტი დაინტერესება, სწრაფად და სრულად იქნას აცრილი.
ამაზე ვფიქრობთ, ვმუშაობთ და მომავალი კვირის განმავლობაში დაახლოებით, 15 მაისამდე 14 000-მდე სრულად, ორჯერადად აცრილი მოქალაქე დაგვიგროვდება და ამ ადამიანებს მეტი სტიმული და შეღავათი უნდა ჰქონდეთ ქვეყნისგან", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.