საქართველოს დელეგაციამ, პროტესტის ნიშნად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე „ჰააგის დეკლარაციაზე“ გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
შესაბამისი განცხადება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ კენჭისყრამდე გააკეთა.
„მსურს, კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით პროცედურული შენიშვნა გავაკეთო და საქართველოს დელეგაციის სახელით შემდეგი განცხადება წარმოვადგინო. იმის გამო, რომ დეკლარაციის შესწორებული ვერსიის ცალკეული ნაწილები განზრახ ამახინჯებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას, უხეშად არასწორად წარმოაჩენს და აყალბებს ფაქტებს, სრულად უგულებელყოფს სახელმწიფო ინსტიტუტებზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებს და თვითნებურად განმარტავს როგორც საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების, ისე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშებს, რითაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი დელეგაცია, პროტესტის ნიშნად, კენჭისყრის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. ორმაგად სამწუხაროა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს სწორედ ჰააგაში - საერთაშორისო სამართლის დედაქალაქში. მინდა ვთხოვო სამდივნოს, ჩვენი პოზიცია სათანადოდ აისახოს ასამბლეის სხდომის ოქმში. ასევე, მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ნიდერლანდების პარლამენტს გულთბილი მასპინძლობისა და ღონისძიების შესანიშნავი ორგანიზებისთვის“, - აღნიშნა სამხარაძემ.
აღსანიშნავია, რომ ქართული დელეგაციის მიერ სხდომის დატოვებიდან რამდენიმე წუთში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ „ჰააგის დეკლარაცია“ მიიღო, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციას შეიცავს. რეზოლუციის „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“, მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონია.