სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ამსტერდამიდან თბილისის მიმართულებით განახორციელებს, ხოლო თურქული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია AJET რეგულარულ რეისებს სტამბული – თბილისი – სტამბულის საჰაერო ხაზზე შეასრულებს.
ავიაკომპანია Transavia-ს მიერ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, ამსტერდამი – თბილისი – ამსტერდამის მიმართულებით ავიარეისები 2024 წლის 20 აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე კვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება.
რაც შეეხება ავიაკომპანია AJET-ს, იგი სტამბული – თბილისი – სტამბულის საჰაერო ხაზზე ფრენებს 2024 წლის 31 მარტიდან ოქტომბრის ბოლომდე, ყოველდღიურად განახორციელებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, ავიაკომპანია Transavia-სა და AJET-ს საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვები 2024 წლის 12 მარტს მიანიჭა.