საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლონელ კოლეგას მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ანჯეი დუდა ახლო მომავალში ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საქართველოს.
სალომე ზურაბიშვილმა ერთობლივ ბრიფინგზე უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე ათი თვეა, რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ნამდვილი სახე, კვლავ გამოავლინა თავისი ექსპანსიონისტური, იმპერიალისტური და აგრესიული სახე.
სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, უკრაინელმა ხალხმა, მებრძოლებმა, მთელმა საზოგადოებამ აჩვენეს, რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნისა და მთლიანად ევროპის თავისუფლების დაცვა.
„მადლობელი ვარ, ბატონო პრეზიდენტო, მიღებისთვის, ჩვენ უკვე რამდენჯერ გვქონდა შეხვედრის საშუალება. აქ ვიყავი ვიზიტით 2019 წელს და თქვენ იმყოფებოდით ჩვენი დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე 2021 წელს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენი ოფიციალური ვიზიტი შედგება ახლო მომავალში საქართველოში, რამეთუ ჩვენთვის დღევანდელი დღე მართლაც არის ურთულესი პერიოდი, არა მხოლოდ ჩვენთვის, პოლონეთისთვის და მთლიანად ევროპისთვის, ვიტყოდი, მსოფლიოსთვის. უკვე ათი თვეა, რაც რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ნამდვილი სახე, ისევე გამოავლინა თავისი ექსპანსიონისტური, იმპერიალისტური და აგრესიული სახე. ათი თვეა, რაც მიმდინარეობს ეს სასტიკი და უსამართლო ომი უკრაინის მიმართ, უკრაინის დამოუკიდებლობის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.
ამ ათი თვის განმავლობაში, უკრაინელმა ხალხმა, მებრძოლებმა, სამხედრო პირებმა, მაგრამ არა მხოლოდ, მთელმა საზოგადოებამ გვაჩვენა, რას ნიშნავს თავისი ქვეყნის დაცვა, რას ნიშნავს თავისუფლების დაცვა და არა მხოლოდ თავიანთი, საკუთარი თავისუფლების, არამედ მთლიანად ევროპის და ჩვენი, საქართველოსი, როგორც ამ სივრცის ნაწილის თავისუფლების დაცვა. რას ნიშნავს, როდესაც მთელი საზოგადოება არის გაერთიანებული." – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, საქართველო უკრაინის მიმართ სოლიდარულია.
მინდა, დიდი მადლობა მოვახსენო პრეზიდენტს იმ კომპლიმენტებისთვის, რაც ჩემ მიმართ თქვა, მაგრამ ყველა პოზიცია, რაც დავაფიქსირე, არის არა პირადი პოზიცია, არამედ უფრო და მთლიანად საქართველოს მოსახლეობის პოზიცია. საქართველო არის სოლიდარული უკრაინის მიმართ. საქართველომ იცის, რა ფასს იხდის დღეს უკრაინა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, რადგან საქართველომ ეს ფასი გადაიხადა 1921 წელს, 1992, 2008 წელს და იცის, რომ ჩვენი მომავალი არის ერთი. ამიტომ არის სრულიად, მთლიანი ქვეყნის პოზიცია, რომ საქართველო უნდა იყოს სოლიდარული უკრაინის მიმართ, რომ საქართველომ არ შეიძლება, არ დაუჭიროს მხარი თავისი შესაძლებლობების ფარგლებში. ყველამ ვიცით, რომ საქართველოს არ აქვს პოტენციალი, ჩაერთოს ამ ომში და ეს არც იქნებოდა სწორი. მინდა, ყველა მოგიწვიოთ და ნახოთ, საქართველოს, თბილისის ქუჩებში როგორ გამოიხატება საქართველოს სოლიდარობა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ამავდროულად, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში საქართველომ დაკარგა 33 ქართველი მებრძოლი, რომელთა ხსოვნა უკვდავი იქნება.
„მინდა, ასევე, აქედან პატივი მივაგო იმ ქართველ მებრძოლებს, რომლებიც არიან ჩართული თავიანთი ნებით და თავიანთი თავდადებით ჩვენი მეგობარი, მოძმე უკრაინელების ბრძოლაში. ჩვენ დავკარგეთ 33 ქართველი და მათი ხსოვნა იქნება უკვდავი. მინდა, ასევე ვთქვა, რომ ეს ბრძოლა არის ნამდვილად ისტორიული ბრძოლა. როცა მივალთ ბრძოლის ბოლო ეტაპზე და უთუოდ, სხვანაირად არ ხდება ისტორიულად, მოლაპარაკებების დრო დადგება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, საერთაშორისო თანამეგობრობამ აღარ დაუშვას ის შეცდომები, რაც იყო დაშვებული საქართველოს შემთხვევაში, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, აღარ დავუშვათ და საერთაშორისო თანამეგობრობამ აღარ დაუშვას ის შეცდომები, რაც იყო დაშვებული საქართველოს პირობებში, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ. რუსეთი უნდა გაჩერდეს და შეეგუოს, რომ მასაც, როგორც ყველა სხვა ცივილიზებულ ქვეყანას, აქვს თავისი საზღვრები და არანაირი უფლება არ აქვს, სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე თავისი ძალები განალაგოს, ანდა, ექსპანსიას, იმპერიალისტურ რაღაც თავის ზრახვებს დაუბრუნდეს.
ეს არის ამ ომის ის შედეგი, რაც ნამდვილად შეცვლის მსოფლიოს და არანაირად არ უნდა იყოს დაშვებული ის ძველი შეცდომა, ძველი ხედვა, რომ ვიღაცა რუსეთის გრძნობებს უნდა გაუფრთხილდეს. არა, უნდა გაუფრთხილდეს ყველა იმ პატარა ქვეყნის, თუ დიდი ქვეყნის გრძნობებს, რომლებიც რუსეთის ირგვლივ ამდენი ხანია, მეზობლურად ცხოვრობენ და ვერ მიიღეს უსაფრთხოების ის ელემენტარული გარანტია, რასაც ჰქვია, რომ ჩემი საზღვარი ჩემია, შენი საზღვარი შენი უნდა იყოს და შენ უნდა შეეგუო შენს საზღვარს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.