დავით არახამიას განცხადებამ რეალურად დაადასტურა ის, რასაც ვამბობდით ჩვენს განცხადებაში, ეს არის დამოკიდებულება, რომელსაც აჩვენებს უკრაინის ხელისუფლების კონკრეტულად ეს წარმომადგენელი, ეს ძალიან დასანანი და სამწუხაროა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველო ძალიან მყარად უჭერს მხარს უკრაინელ ხალხს.
„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინის სახელმწიფოს, რაც არის გამოხატული არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული საქმით, ეს არის 600-ზე მეტი მხარდაჭერილი აქტი, რეზოლუციები და დოკუმენტები, სხვა გადაწყვეტილებები, ეს არის ფართო ჰუმანიტარული დახმარება, როდესაც ასეთ ფონზე კეთდება გაუგებარი განცხადებები, ეს ამყარებს ჩვენს რწმენას, რომ რაღაცები არ ხდება ისე, როგორც უნდა ხდებოდეს. თუმცა უკრაინა დღეს არის მძიმე ვითარებაში, უკრაინელი ხალხი არის ომის მდგომარეობაში, ძალიან მძიმე მდგომარეობაა უკრაინაში, აქედან გამომდინარე, ჩვენ პირველ რიგში, პატივს ვცემთ უკრაინელ ხალხს და შესაბამისად, არ ვაპირებთ არახამიასთან თუ სხვა პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას. არ მინდა, პოლემიკაში შევიდე, ფაქტია რასთანაც გვქონდა საქმე მთელი ამ ორი წლის განმავლობაში – ჯერ როდესაც ხდებოდა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა, აბსოლუტურად გაუგებარი იყო ეს გადაწყვეტილება, როდესაც პრაქტიკულად გააძევეს ჩვენი ელჩი უკრაინიდან საბაბი იყო თითქოს მომაკვდავ მდგომარეობაში სააკაშვილის ყოფნა, დღეს ღიმილის მომგვრელიც კი აღარ არის უკვე ეს საბაბი.
შეგახსენებთ, განცხადებებს მეორე ფრონტთან დაკავშირებით პოდოლიაკის, დანილოვის და სხვების განცხადებებს, შეგახსენებთ იმას, რომ ძებნილები, დამნაშავეები, დღეს უკრაინაში კვლავაც იკავებენ მაღალ თანამდებობებს, ეს არ შეესაბამება იმ ისტორიულ მეგობრულ ურთიერთობებს, რომლებიც არსებობს უკრაინელ და ქართველ ხალხებს შორის და უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფოებს შორის. ეს არის სრული აცდენა ამ ისტორიულ-მეგობრობის სულისკვეთებიდან, შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ უკრაინის ხელისუფლებას, მიიღოს ისეთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ისტორიული მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას და ხელს არ შეუწყობს ხალხების, ქვეყნების ხელოვნურად დაშორებას“, – განაცხადა კობახიძემ.
უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია საქართველოს მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა.