"საქართველოდან პაციენტების ექსპორტი აღარ განხორციელდება", - აღნიშნული განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ჯანდაცვის სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას ქვეყანაში სამედიცინო ტურიზმის დანერგვის შესახებ საუბრისას გააკეთა.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, ამისთვის უწყებას პარლამენტში რამდენიმე ცვლილება აქვს ინიცირებული, რომელიც საქართველოს რეგიონში ჯანდაცვის ტურიზმის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად აქცევს.
„ჩვენ პარლამენტში რამდენიმე ფუნდამენტური ცვლილება გვაქვს ინიცირებული, რომელიც ჩვენს სექტორს მნიშვნელოვნად მაღალ დონეზე აიყვანს. დარწმუნებული ვარ, პარლამენტის მხრიდან იქნება სრული ჩართულობა და მხარდაჭერა, ვინაიდან ეს ერთ-ერთი გზაა ჯანდაცვის სექტორის მიმართულებით, რომელიც ამბიციური გეგმის გამოცხადების საშუალებას მოგვცემს, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო სამედიცინო ტურიზმის ქვეყნად ვაქციოთ და პაციენტების ექსპორტი, რომელიც საქართველოდან ხდება, აღარ განხორციელდეს.
მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ჯანდაცვის სექტორის საშუალებით ვიმუშავებთ, რომ საქართველოში სამედიცინო ტურიზმი დავნერგოთ, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ჩვენი რეგიონული მდგომარეობიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდი პერსპექტივა გააჩნია“, - განაცხადა მინისტრმა.