პარლამენტი ოპოზიციის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას იწყებს, რომლის მიხედვით, პენსიონერს უფლება ექნება პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულება თავად აირჩიოს და სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს შეცვალოს ის.
“სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 21 ივნისის სხდომაზე განიხილავს. პროექტი პარლამენტის წევრების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის და ტარიელ ნაკაიძის საკანონმდებლო ინიციატივაა.
მათი შეფასებით, საქართველოში ყველაზე ძვირ სესხს ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი -პენსიონერები იღებენ. როგორც ინიციატორები განმარტავენ, საქართველოში პენსიის გაცემის ექსკლუზიურ უფლებას “ლიბერთი ბანკი” ფლობს, მას არ ჰყავს კონკურენტი და შესაბამისად, ბაზარზე პირობებს სწორედ “ლიბერთი ბანკი” ადგენს.
“ლიბერთი ბანკში” საპენსიო სესხზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 30.65 პროცენტს შეადგენს. დღეს-დღეობით ქვეყანაში დაახლოებით 800 000 პენსიონერია, რომელთა თითქმის ნახევარი საპენსიო სესხით სარგებლობს. “ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე მაგალითად, სხვა მოქალაქეებისათვის გაცემული სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც სხვადასხვა ბანკში 15%-დან იწყება. რომ არა “ლიბერთი ბანკის“ ექსკლუზიური უფლება საპენსიო მომსახურებაზე, თავისუფალი კონკურენციის პირობებში, საქართველოში საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი არსებულზე გაცილებით ნაკლები იქნებოდა“, - აცხადებენ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები.