შსს-ს ინფორმაციით, თბილისსა და ბათუმში, სხვადასხვა მისამართზე, მათ შორის, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე ჩხრეკა სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევის ფაქტების გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.
უწყების ცნობით, ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა და ბლოგერი უჩა აბაშიძე სწორედ იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დაკავებული.
უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა სამთავრობო უწყების, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყეს, რაც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ ჩადენილ კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.
აღნიშნული გამოძიების ფარგლებში ჩატარდა და ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები თბილისსა და ბათუმში, მათ შორის, თბილისში, ი. აბაშიძის #22-ში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს, 1984 წელს დაბადებული უ.ა. დააკავეს.
გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ ჩადენილ კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლში საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა უჩა აბაშიძე დააკავეს. ადვოკატის ინფორმაციით, აბაშიძე ორთაჭალაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
უჩა აბაშიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის“ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა.