უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვისას ვრცლად ისაუბრა დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე.
"დასრულდა ომის მე-17 დღე. ომი, რომელშიც თავისუფლებისთვის ვიბრძვით და უფლებისთვის ვიცხოვროთ ჩვენს მიწაზე ისე, როგორც ჩვენ გვინდა და არა ისე, როგორც ჩვენს წინააღმდეგ, ან ჩვენს ნაცვლად მოიფიქრეს. რუს ოკუპანტებს ჩვენი დამარცხების საშუალება და უნარი არ აქვთ. მათ გათვლები აქვთ მხოლოდ აგრესიაზე, ტერორზე, ძალადობაზე და არმიაზე, რომელიც მათ ძალიან დიდი ჰყავთ, თუმცა მათ არ აქვთ არანაირი ბუნებრივი პირობები ამის გასაკეთებლად. მათ ასევე არ აქვთ ბედნიერების შეგრძნების უნარი. არ იციან ოცნება, ორგანულად ვერ ახერხებენ ააწყონ ბედნიერი ცხოვრება. სადაც კი მივიდნენ ყველგან მხოლოდ გადარჩენისთვის იბრძვიან. რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, რომ ჩვენი სახელმწიფო აქციოს ლუგანსკისა და დონეცკის „რესპუბლიკების“ ანალოგად. ზონა, რომელიც იზოლირებულია მთელი ცივილიზებული სამყაროდან. ზონა, სადაც მხოლოდ ძალადობაზეა დაფუძნებული ყველანაირი ღირებულებები და ადამიანები მხოლოდ გაქცევას ცდილობენ. დააკვირდით ვინ გარბის რუსეთიდან და ვის გააქვს საკუთარი ბიზნესი სხვა ქვეყნებში. ესენი არიან პროგრამისტები, რომლებსაც თავიანთ სამშობლოში თავისუფალი სივრცე არ აქვთ, ბიზნესმენები რომლებიც მუდმივად იმის შიშით ცხოვრობენ, რომ რაღაცას წაართმევენ, მსახიობები, რომლებიც გრძნობენ რომ ქვეყანაში სადაც ჩალის ფასი აქვს ადამიანის სიცოცხლეს, ჩალის ფასი აქვს ხელოვნებასაც. ზუსტად ის, რაც დღეს სჭირს რუსეთს, ელოდება დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებს და ეს იქნება სრული დეგრადაცია."– განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ოკუპანტები ხერსონის ოლქში ცდილობენ შექმნან ე.წ., ფსევდორესპუბლიკა. აშანტაჟებენ ადგილობრივ დეპუტატებს, ხელმძღვანელებს და ეძებენ ისეთ ადამიანებს, ვის მოსყიდვასაც შეძლებენ. მიზანი ერთია - შექმნან ე.წ. ხერსონის სახალხო რესპუბლიკა. მათი მიზანია შექმნან გაურკვეველი კომიტეტები, რომლებიც ცენტრალურ ხელისუფლებას დაუპირისპირდებიან.
"იმ ადამიანებს, ვინც შეიძლება მსგავს სისულელეს და ოკუპანტების პირობებს დათანხმდეს, გაფრთხილებთ და გეუბნებით, რომ სამარეს ითხრით, ისევე როგორც ის ათასობით რუსი ჯარისკაცი.
დღეს ხერსონში ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატებმა სხდომა ჩაატარეს და 44-ვემ მხარი დაუჭირა, რომ ხერსონი უკრაინის ნაწილია. ჩვენ გავიმარჯვებთ, თუმცა დაგვჭირდება დრო და ძალები, რომ ეს პროპაგანდისტული და ძალადობრივი მანქანა გადავტეხოთ.
ვიქნები გულწრფელი და ვიტყვი, რომ ამას ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება. ჩვენ არ ვართ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, რომელიც ხალხს ყოველ ნაბიჯზე ატყუებს. გვჭირდება ბრძოლის გაგრძელება, მედგრად დგომა და მოთმენა. უნდა მოვძებნოთ გზები, რომელიც მოგვცემს საშუალებას მტერი განვდევნოთ. ასევე უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა დიპლომატიურ ასპარეზზე იგივე შემართებით, რა შემართებითაც ვიბრძვით და ჩვენი ტაქტიკით საწადელს მივაღწევთ. მინდა იცოდნენ ოკუპანტებმა და კოლაბორაციონისტებმა ჩვენ არაფერს დავივიწყებთ, ვიპოვით და პასუხისგებაში მივცემთ.
დღეს ჰუმანიტარული დერეფნების გამოყენებით, 12 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიყვანეთ. გავგზავნეთ ჰუმანიტარული ტვირთებიც, რომლებიც ქალაქებში ხვალ შუადღეს ჩავა. ყოველ დღე ვესაუბრები ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს და ვეუბნებით, რომ მათ მეტი უნდა გააკეთონ უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის. ეს არ იქნება მხოლოდ ჩვენი დახმარება, ეს იქნება დახმარება დანარჩენი ევროპისთვისაც. რადგან, ბოროტება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოვიდა და ხოცავს მშვიდობიან მოქალაქეებს, ბომბავს დასახლებულ პუნქტებს, საავადმყოფოებს, სახლებს, საბავშვო ბაღებს, არ და ვერ გაჩერდება.
შეგიძლიათ გამოკითხოთ ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობა და მიხვდებით, რომ უკრაინა ლიდერია იმ ქვეყნების სიაში, რომელიც ხალხს მოსწონს, ხოლო რუსეთი არამხოლოდ ბოროტი ქვეყნის სიაშია, არამედ ის უფრო ბოროტია ვიდრე ჩრდილოეთ კორეა. ასე ფიქრობენ უბრალო ადამიანები აშშ-ში, ევროპაში და ამისთვის მადლობელი ვარ. მადლობელი ვარ ასევე მათი მხარდაჭერისთვის და ჩვენი ბრძოლის შინაარსის გაგებისთვის.
ჩვენ გაერთიანებული ვართ ერთი ოცნების ირგვლივ და ამას ჩვენს მიწაზე მშვიდობიანი ცხოვრება ჰქვია. ყველა თავისუფალ ერს და დემოკრატიულ ქვეყანას აქვს უსაფრთხო ცისა და მიწის გარანტია.
მივიღე გადაწყვეტილება 106 უკრაინელს, გმირის წოდება მივანიჭო. სამწუხაროდ 17 მათგანი დაღუპულია. დიდება გმირებს, დიდება უკრაინას." – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.