ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის სიჩუმე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, არ კეტდება ის, რაც გასაკეთებელია 12 პუნქტიდან, არამედ საწინააღმდეგო ნაბიჯებს ვდგამთ და ნებისმიერი ნაბიჯი, რაც გადადგმული იქნა ბოლო წელს, არის ნაბიჯები, რომელიც ფასდება უარყოფითად ევროკავშირის მხრიდან.
„დღეს ევროპარლამენტის დელეგაცია იმყოფება საქართველოში, რაც გაგრძელებაა იმ ძალიან დიდი ნაბიჯის, რაც გადაიდგა ჩვენს მიმართ - ევროპული პერსპექტივა რომ მოგვანიჭა ევროპულმა საბჭომ, რასაც არ ვაფასებთ იმ დონეზე როგორც არის დასაფასებელი. ექვსი თვე გვაქვს მოცემული, რომ თუ შევასრულებთ 12 პუნქტს, მოგვენიჭება ასევე კანდიდატის სტატუსი. ამ პროცესში ჩამოდის ევროპარლამენტარების დელეგაცია, იმ კომიტეტის, რომელიც სწორედ საქართველოზე მუშაობს. ამ დროს ხდება წარმოუდგენელი რამ, ერთდროულად, ბრიუსელში და ვაშინგტონში პრესსპიკერები გვეუბნებიან, რომ ისწავლეთ, როგორ უნდა მოიქცეთ. მე არ ვიცი, სადამდე უნდა გავაგრძელოთ ეს რაღაც ორმაგი თამაში, რომ ვითომ გვინდა ევროკავშირისკენ სიარული, გვინდა ის, რასაც კანდიდატის სტატუსი ჰქვია, გვინდა მივიღოთ იგივე, რაც უკრაინა და მოლდოვამ მიიღო და ამ დროს, არა თუ არ ვაკეთებთ იმას, რაც გასაკეთებელია ამ 12 პუნქტიდან, არამედ საწინააღმდეგო ნაბიჯებს ვდგამთ.
დაწყებული შარლ მიშელის გადაგდებით, დოკუმენტის ანულირებით, ყოველი ნაბიჯი, რაც იქნა გადადგმული ერთი წლის მანძილზე, კრედიტზე უარის თქმა საკმაოდ უხეშად. იყო მთელი რიგი ნაბიჯები იმ საკითხებში, სადაც გველოდებიან, რომ მიღებული იყოს სხვა გადაწყვეტილებები, სასამართლოს დაკომპლექტება ნაჩქარევი წესით, ინსპექტორის გაუქმება ნაჩქარევი წესით, ნებისმიერი ნაბიჯი, რაც გადადგმული იქნა ბოლო წელს, არის ნაბიჯები, რომელიც ფასდება უარყოფითად ევროკავშირის მხრიდან და ამასთან ერთად არის წარმოუდგენელი რიტორიკა, გვესმის გაუთავებლად ხან თავდასხმები ევროპარლამენტარებზე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში.