იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დასაშვები ხდება. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, 9 ნოემბერს განაცხადა.
“საბჭომ მხარი დაუჭირა 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროცესს ფაიზერის ვაქცინის ორი დოზით.
ამდენად, მშობლის გადაწყვეტილებით და თანხმობით, რაც გახლავთ აუცილებელი მოთხოვნა არასრულწლოვანში სამედიცინო ჩარევის ჩატარების შემთხვევაში, 12-დან 15 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ მიმართონ ამცრელ ცენტრებს და მიიღონ ვაქცინაცია ფაიზერის დოზით”, — დასძინა მან.
ამ დრომდე “ფაიზერით” აცრა საქართველოში მხოლოდ 16 წელს ზემოთ მოქალაქეებს შეეძლოთ.
გაბუნიას თქმით, ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელი მაღალი არ არის, თუმცა მათი ვაქცინაცია მნიშვნელოვანია.
“ბუნებრივია, ბავშვის ინფიცირებაც შესაძლებელია და ის თავადაც შეიძლება გახდეს ინფექციის წყარო. ბევრმა ქვეყანამ უკვე დაიწყო ვაქცინაციის პროცესი.
თუმცა, საბედნიეროდ, ბავშვებში ინფექციის გავრცელება მაღალიც არ არის და არც გამოსავლებია რთული, თუ არ გვაქვს საქმე რაიმე ქრონიკულ დაავადებასთან”, - დასძინა მინისტრის მოადგილემ.