პროექტების ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 138 კმ. გზას, საიდანაც 110 კმ. გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წელსვე დასრულდება. რეაბილიტაციის პროექტების ჯამური ღირებულება 178 მილიონი ლარია. ჯამურად თექვსმეტივე პროექტის ღირებულება კი – 183 მილიონი ლარი. მათ შორის, რეაბილიტაცია უტარდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 33.6 კმ-იანი მონაკვეთს, სადაც, ამ დროისთვის, უკვე მოწყობილია ხელოვნური ნაგებობების 90% და 12 კმ-ზე მოწყობილია ასფალტის საფარი. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 66.7 მილიონი ლარით ფინანსდება.
დასრულების ეტაპზეა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-ბაწარას ნაკრძალის საავტომობილო გზის დუისი-ჯიბახევის 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 5.65 მილიონი ლარია. აქტიურად მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის უშუალოდ თელავზე გამავალი საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. პროექტს 13.8 მილიონი ლარი მოხმარდება.
რეაბილიტაცია უტარდება, ასევე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სიღნაღის მუნიციპალიტეტთან დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას. პროექტის ღირებულება 11.7 მილიონი ლარია. პროექტების დასრულება 2024 წელს იგეგმება და კახეთის რეგიონში, საავტომობილო გზებზე კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.
ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.