რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ექიმების კონსილიუმის წევრები შევიდნენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა, კონსილიუმი სააკაშვილთან მას შემდეგ შევიდა, რაც ადვოკატებმა დაწესებულება დატოვეს.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 28-ე დღეა შიმშილობს. 27 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატებთან კომუნიკაციასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების გამო, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და ექიმებთან შეხვედრაზე და მკურნალობაზე უარი განაცხადა.
დღეს, დღის ბოლოს მისმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციასთან დაკავშირებით ყველა პრობლემა აღმოიფხვრა და სააკაშვილმა "შეწყვიტა პროტესტის დამძიმება და ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს თანამშრომლობას ექიმებთან, მათ შორის კონსილიუმის წევრებთან".