პარლამენტის მიმდებარედ, კერძოდ, ცხრა აპრილის ქუჩაზე აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში წყლის ჭავლს გამოიყენებენ.
აქციაზე, 9 აპრილის ქუჩის მხარეს, ისმის წყლის ჭავლის მანქანის სირენების ხმა და მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი.
მოქალაქეები გეგმავდნენ, მშვიდობიანი მსვლელობით პარლამენტის შენობისთვის წრის შემორტყმას, თუმცა პოლიციის კორდონი ამის საშუალებას არ აძლევს.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი არ დაიშლებიან და მშვიდობიან პროტესტს გააგრძელებენ.
საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია 19:00 საათზე დაიწყო. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა დღეს დაიწყო. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ პროექტს დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს.