რუსეთმა დამოუკიდებლად ცნო დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლკები. ეს გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ, სპეციალურ მიმართვაში გამოაცხადა.
გადაწყვეტილების მიღებამდე პუტინმა საბჭოს სხვადასხვა წევრს მოუსმინა. მათ შორის იყო პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი, რომელმაც 2008 წლის ომზეც ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთმა მაშინ მწარე გამოცდილებით ისწავლა, რომ სანქციებთან გამკლავება შესაძლებელია.
მანამდე თვითაღიარებული რესპუბლიკების ლიდერებმა პუტინს დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართეს. იგივე გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის პარლამენტმა.
უკვე რამდენიმე კვირაა დასავლეთის ქვეყნები უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხეზე საუბრობენ. მზარდი დაძაბულობის ფონზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ამბობს, რომ რუსეთი 1945 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ ომს გეგმავს.
აშშ-ს აქვს მოლოდინი, რომ პუტინი კვლავ აპირებს ომს. CNN-თან ინტერვიუში სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სახეზეა ყველა ქმედება, რომელიც წინ უსწრებს უკრაინაში რეალურ შეჭრას.
18 თებერვალს დონბასისა და ლუგანსის ლიდერებმა რუსეთში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს. მანამდე კი პუშილინმა თქვა, რომ არ გამორიცხავს, დახმარებისთვის რუსეთს მიმართოს.