ჩემთვის, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის, გასაკვირი იყო ამბოხის ასეთი ფორმა პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ბოლო პერიოდში დასუსტდა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო. საკმაოდ გასაკვირი იყო, როგორ მარტივადაა შესაძლებელი რუსეთის საზღვრის გადაკვეთა და მისვლა, პირველ რიგში, როსტოვამდე და შემდეგ მოსკოვთან ახლოს მდებარე ქალაქებამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ზურაბიშვილმა უპასუხა კითხვას, „რამდენად გასაკვირი იყო თქვენთვის რუსეთში მიმდინარე მოვლენები და როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდი საფრთხე იყო ეს პუტინისთვის?“
ამასთან, როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, „გასაკვირი იყო, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხი დაწყებიდან ასე სწრაფად დასრულდა პირდაპირი ზეწოლის გარეშე, რომელიც ახასიათებს რუსეთის რეჟიმს“.
„ძალიან უცნაური იყო, რომ პრიგოჟინს შეუძლია, ენდოს პუტინს უსაფრთხოების გარანტიებში, მაშინ, როდესაც რუსეთის ისტორიაში მსგავსი რამ არ მომხდარა. როდესაც ხარ აჯანყებული, ან თუნდაც ომის პატიმარი, ეს უპატიებელია. როგორ უნდა ენდო ლუკაშენკოს, რომ უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტია მაშინ, როდესაც ლუკაშენკოს საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვა უჭირს, ხოლო რუსეთის მოთხოვნები უფრო და უფრო იზრდება, მათ შორის ატომური იარაღის განთავსების შესახებ. ეს ყველაფერი არ ჰგავს ტრადიციული რუსეთის საქციელს. ვფიქრობ, ვართ ახალ ეტაპზე, რაც მოხდა ომის დაწყებისას, რომელიც რუსეთმა აწარმოა უკრაინის წინააღმდეგ, სადაც რუსეთმა დაინახა, რომ ყველა მისი თაღლითური გეგმა ერთი მეორის მიყოლებით დამარცხდა. ეს ჯერ კიდევ არ არის საბოლოო სამხედრო მარცხი, მაგრამ ყველაფერმა, რის გაკეთებასაც პუტინი ცდილობდა, არ იმუშავა ან სრულიად საპირისპირო შედეგი გამოიწვია – ერთიანი ევროკავშირი, ერთიანი და უფრო ძლიერი ნატო.
ევროკავშირი ისევ საუბრობს გაფართოებაზე, რომელიც ისეთი საკითხი იყო, რაზეც საუბარი აქამდე არავის სურდა. ასე რომ, ყველაფერი პუტინის უარყოფით შედეგებზე მეტყველებს, მათ შორის მობილიზაციაში წარუმატებლობა, ხოლო „ვაგნერი“ და პრიგოჟინი თეატრის ბოლო მოქმედებაა. ამას ემატება რუსული ჯარი, რომელიც სრულიად დამცირებულია. წარმომიდგენია, რომ ეს რუსული ტრადიციული ჯარი, რომელიც თითქოს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ითვლებოდა როგორც ერთ-ერთი უძლიერეს ჯარად მსოფლიოსა და რა თქმა უნდა, ევროპაში, ახლა დონეცკში პრიგოჟინის იმედად მოუწევს ყოფნა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.