რუსეთის პრეზიდენტს, საფრანგეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შორის დღეს, უკრაინის ომთან დაკავშირებით, სამხრივი სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოუერი მედიასაშუალებები ავრცელებენ.
მედიის ცნობით, ლიდერებს შორის საუბარი 75 წუთს გაგრძელდა.
გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის შტეფენ ჰებესტრეიტის განცხადებით, სატელეფონო საუბარი "უკრაინაში ომის დასასრულებლად მიმდინარე საერთაშორისო ძალისხმევის ნაწილი" იყო და იქვე დასძინა, რომ სამივე ლიდერი შეთანხმდნენ, რომ არ გაამჟღავნონ მოლაპარაკების დამატებითი დეტალები.
CNN-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტს საუბრისას უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ პუტინმა ევროპელ ლიდერებს მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებების შესახებ ესაუბრა და აგრეთვე მათ შეშფოთებას უპასუხა ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებით. კრემლმა მოლაპარაკებების მეტი დეტალი არ დააკონკრეტა.
აღსანიშნავია, რომ პუტინთან საუბრამდე, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა და მხარეები „მჭიდრო კონტაქტის შენარჩუნებაზე“ შეთანხმდნენ.