დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა. 13 წლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტარებს პირველად მიმართა. როგორც ზურაბიშვილმა თქვა, არც NATO-ს და არც ევროკავშირის გაფართოება რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და თავდასხმის მიზეზი თავად რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკაა.
“მსოფლიოში ყველაზე დიდმა ქვეყანამ უნდა გაიგოს და დაეთანხმოს, რომ მას ასევე აქვს საზღვრები. ევროკავშირის ან NATO-ს გაფართოება არ დამუქრებია ან უბიძგებია რუსეთისთვის შეტევაზე გადასულიყო, ეს არის რუსეთის საკუთარი იმპერიალისტური ბუნება. რუსეთი უკრაინაში პოლიტიკურად უკვე დამარცხდა, სამხედრო თვალსაზრისითაც ბევრი ასპექტით დამარცხდა. მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტია როდის დაიწყებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს. როცა გამოვდივარ საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ეს ასევე ეხება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობებს, იმიტომ რომ ეს მომავალი მათთვისაც არის - ერთადერთი, რომელიც დაიცავს მათ თავისუფლებას, უსაფრთხოებას და იდენტობას. მე მათ გვერდით ვდგავარ, ვინც გუშინ სოხუმში, აფხაზეთში, დემონსტრაცია მოაწყო და ეკავა ბანერი - აფხაზეთი არ იყიდება, არ დავუთმობთ რუსებს“
შეგახსენებთ, რომ ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთ მიზეზად უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, NATO-ში, გაწევრიანების სურვილი დაასახელა.
რუსეთი უკრაინაში პოლიტიკურად უკვე დამარცხდა - პრეზიდენტი
398
|