რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ რუსეთი თავის ისტორიაში თავს არავის დასხმია და სიტყვა ომის წარმოთქმაც კი არ სურს.
"ყოველდღიურად დასახელება რუსეთის თავდასხმის დღისა უკრაინაზე ძალიან ცუდი პრაქტიკაა, დავუსვათ თავს კითხვა, რა აზრი აქვს რუსეთისთვის ვინმეზე თავდასხმას.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში თავს არავის დასხმია. რუსეთი, რომელმაც ამდენი ომი გადაიტანა, უკანასკნელი ქვეყანაა ევროპაში, რომელსაც საერთოდ სურს წარმოთქვას სიტყვა ომი",- ამბობს დიმიტრი პესკოვი.
გარდა ამისა, პესკოვმა აღნიშნა, რომ პუტინი უკრაინის შესახებ და უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებებისთვის მზადაა.
"უწინარეს ყოვლისა პრეზიდენტი პუტინი მოითხოვდა მოლაპარაკებებს და დიპლომატიას და სინამდვილეში მან წამოაყენა შეკითხვა რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ", - თქვა CNN-ის ცნობით პესკოვმა.
თავის მხრივ, აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ის დარწმუნებულია, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინის დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო. ის ამბობს, რომ რუსეთი ამას მომდევნო კვირაში გეგმავს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ამჟამად ყველა ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდ ომს გეგმავს.
ჯონსონმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დაზვერვის სამსახურების ინფორმაციით რუსეთი შეტევას უკრაინის დედაქალაქზე გეგმავს.
„ყველა ნიშანია რომ ამ გეგმის შესრულება უკვე გარკვეულწილად დაიწყო. ვშიშობ, მიწევს თქმა, რომ გეგმა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ შეიძლება იყოს ევროპაში 1945 წლის შემდეგ უდიდესი ომი” - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ აგრესიის საფრთხის წინაშე მყოფ უკრაინას ახლა დასავლეთმა მხარი, როგორც თავდაცვის კუთხით ასევე ეკონომიკურადაც უნდა დაუჭიროს, რადგან დაძაბულობის პირობებში ეკონომიკური დესტაბილიზაციის საფრთხეები არსებობს.
მისი თქმით, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთს მძიმე შედეგები დაუდგება. სანქციების ფარგლებში საერთაშორისო ბაზარზე მომუშავე რუსულ კომპანიებს მუშაობას გაურთულებენ, ოლიგარქებს კი მოგზაურობაზე შეზღუდვებს დაუწესებენ.