რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში, შავი ზღვის სანაპიროზე სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზირების ახალი მუდმივი პუნქტის შექმნას გეგმავს. შესაბამისი შეთანხმება რუსეთსა და აფხაზეთის სეპარატისტულ რეჟიმს შორის უკვე ხელმოწერილია. ამის შესახებ რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომელიც გუშინ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
ბჟანიას თქმით, საზღვაო ბაზა ოჩამჩირეში უახლოეს პერიოდში განთავსდება.
„ჩვენი დღესასწაულის დღეს ჩვენთან შემოვიდა მცირე სარაკეტო ხომალდი, ჩვენ ავედით ბორტზე – ეს არის ძალიან თანამედროვე ხომალდი სერიოზული საბრძოლო შესაძლებლობებით. ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას და უახლოეს პერიოდში ოჩამჩირეს რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტი იქნება“, – განაცხადა ბჟანიამ.
ბჟანიას თქმით, „მოსკოვისა და სოხუმის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა მიმართულია რუსეთისა და აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე“.