უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსეი არესტოვიჩმა Priamyi kanal-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსებს რეზერვისტები არ ჰყოფნით და ახლა მოხალისეებს კავკასიაში, აფხაზეთსა და მთიან ყარაბაღში ეძებენ.
მისივე თქმით, ამგვარად, ისინი ცდილობენ 20-30 ბატალიონი შეკრიბონ.
"ამ ადამიანების ბრძოლისუნარიანობა რამდენად ეფექტური იქნება, ადვილი მისახვედრია" – განაცხადა არესტოვიჩმა.
არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალები შეტევას სამი მიმართულებით განაახლებენ. ესენია ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონა, კიევი, ხარკოვი და მარიუპოლი.
„რამდენადაც მათი ბრძოლისუნარიანობა სუსტდება, ვერც ამ რეზერვისტების საშუალებით მოახერხებენ ბრძოლას. ორ-სამ კვირას ვაძლევ, მათი რესურსი ამოიწურება მალე და „კურდღლებს“ დაემსგავსებიან, აღარაფერი დარჩებათ, რითაც ომის გაგრძელებას შეძლებენ“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.