jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

როდესაც ხარ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ამავდროულად ხდები უცხოური გავლენის აგენტი, ეს ყველაფერი თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ასეთი დამოკიდებულებით პრემიერი ვერასდროს გახდები, არა მარტო „ქართული ოცნების“ ხელით, არამედ, ზოგადად, ასეთი დამოკიდებულებით პრემიერ-მინისტრი ვერასდროს გახდები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.

როგორც მან განმარტა, ვიქტორ ყიფიანი უკვე კვირაზე მეტია აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი.
„იყო გარკვეული სპეკულაციური მცდელობა, რომ ის განცხადებები დაეკავშირებინათ ბიძინა ივანიშვილისთვის. კვირაზე მეტია ის აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და პირდაპირ შევიდა პოლიტიკაში. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ ის კანონი, რომელიც უნდა მიგვეღო გავრცელდებოდა ვიქტორ ყიფიანზეც, როგორც უცხოური გავლენის აგენტზე. ალბათ, ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც ის ძალიან სწრაფად ჩაერთო პოლიტიკაში. ჩემი ინფორმაციით, არა ვიქტორ ყიფიანი ჩაეხსნა ბიძინა ივანიშვილს, არამედ ბიძინა ივანიშვილმა ჩახსნა ვიქტორ ყიფიანი. თუმცა, მე ამაზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი მხარეები გააკეთებენ, ალბათ კომენტარს.
ჩემი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო კონკრეტული მიზეზების გამო მისი გათავისუფლება ადვოკატის პოზიციიდან.
როდესაც ხარ ბიძინა ივანიშვილს ადვოკატი და ამავდროულად ხდები უცხოური გავლენის აგენტი, ეს ყველაფერი თავისთავად, ბუნებრივია, ნიშნავს იმას, რომ ასეთი დამოკიდებულებით პრემიერი ვერასდროს გახდები, არამარტო „ქართული ოცნების“ ხელით, არამედ, ზოგადად ვერასდროს გახდები ასეთი დამოკიდებულებით პრემიერ-მინისტრი. არ შეიძლება იყო ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ამავდროულად გახდე უცხოური გავლენის აგენტი“, - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, იყო თუ არა ეს მიზეზი იმისა, რომ ყიფიანი ახლა აღარ არის ივანიშვილის ადვოკატი, კობახიძე ასე პასუხობს: „არა, მთავარი მიზეზი სხვა იყო, ჩემი ინფორმაციით“.
„მე ამას ვერ დავაკონკრეტებ. მიზეზი იყო ბევრად უფრო მძიმე. წარმოიდგინეთ, ამაზე ბევრად უფრო მძიმე. ვერ გავაკეთებ ამაზე კომენტარს. მე იძულებული ვარ თავი შევიკავო პასუხებისგან. შეიძლება მე მქონდეს სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია ამ ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ ამასთან დაკავშირებით კომენტარების გაკეთება ჩემი პრეროგატივა ვერ იქნება. ნიშნები მოგეცით ბევრი“,- განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.

185