„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ივანიშვილის რეჟიმს ყველა ვადა უკან აქვს ჩამოტოვებული - რომც გაგვმართლებოდა და კანდიდატობა მიგვეღო, ესეც კი არ იქნებოდა საკმარისი, რადგან საბოლოო ამოცანა ნორმალურ ლიბერალურ დემოკრატიად სრული ტრანსფორმაციაა, რაც ივანიშვილის პუტინისტური რეჟიმის პირობებში შეუძლებელია,- ამის შესახებ მან პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ყველას, ვისაც თავისუფლება და დასავლური მომავალი უნდა, უნდა გააცნობიეროს, რომ ეს საკითხი სამოქალაქო აქტივობაზეა დამოკიდებული და ამის აუცილებელი პირობა „ივანიშვილის რეჟიმის ჩამოცილება და ლიბერალური დემოკრატიის შექმნაა“.
„ევროპული საქართველოს“ ხედვა არასდროს იყო ის, რომ ამ რეჟიმს ულტიმატუმი უნდა წავუყენოთ, რაღაც დრო მივცეთ და რამე შანსი არსებობს. იმედი მაქვს, ყველა აქტიური ჯგუფი მკაფიო პოზიციაზე დადგება და ამ მძიმე რეალობას გააცნობიერებს. საზოგადოებას უნდა ავუხსნათ, რომ ივანიშვილის და მისი გარემოცვის პირობებში საქართველოს სამშვიდობოს გასვლის და ევროპული იდენტობის შენარჩუნების შანსი არ აქვს“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.