არ მიხარია და ვერ გამიხარდებოდა საქართველოს გამოცხადება სანქცირებული პირების მქონე ქვეყნების სიაში, რამეთუ ჩემთვის ყველაზე გასაფრთხილებელი სწორედ ქვეყნის რეპუტაციაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მხოლოდ ოთხი პირის სავიზო შეზღუდვებს ეხება, გარკვეულწილად ზიანდება ქვეყნის იმიჯი.
ამასთან, როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ სხვა შეფასებასაც ვიმსახურებთ.
„დღეს არ მიხარია და განვიცდი კიდეც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილებას. დღეს შევხვდი აშშ-ის ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს და მასაც გავუზიარე ჩემი განცდები. არ მიხარია და ვერ გამიხარდებოდა საქართველოს გამოცხადება სანქცირებული პირების მქონე ქვეყნების სიაში, რამეთუ ჩემთვის ყველაზე გასაფრთხილებელი სწორედ ქვეყნის რეპუტაციაა. ეს გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ ოთხ პირს და ამ ოთხი პირის სავიზო შეზღუდვებს, როგორც აზუსტებს თვით ელჩი, განცხადება თან ხაზს უსვამს საქართველოს მხარდაჭერას, ამის მიუხედავად გარკვეულწილად ზიანდება ქვეყნის იმიჯი. საქართველომ და ქართველმა ხალხმა კარგად იცის ამ ადამიანების პასუხისმგებლობა მანკიერი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებაში. ჩვენ ყველამ ვიცით და გვესმის, რა უნდა გაკეთებულიყო ამ სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის. ჩვენმა საზოგადოებამ ისიც კარგად იცის, რა არ გაკეთდა და რატომ არ გაკეთდა. ამიტომაც სრულად ვაცნობიერებთ, ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ სასამართლო რეფორმის აუცილებლობას. ასევე ვაცნობიერებთ სასამართლო დამოუკიდებლობის გამყარებისა და სისტემაში პროფესიონალი, მიუკერძოებელი კადრების საჭიროებას. ევროკომისიის 12 რეკომენდაციაც ამას ემსახურება და სხვა არაფერს.
ვწუხვარ, რომ ქვეყანა ამ გადაწყვეტილებით იწერება სხვა სანქცირებული ქვეყნების სიაში მაშინ, როცა საქართველო ევროპელი პარტნიორებისგან უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელოდება. ვშიშობ, აშშ-ის გადაწყვეტილება ევროპაში აღქმული არ იყოს, როგორც ნეგატიური სიგნალი. ამიტომ, არც ნიშნის მოგების და გახარების დროა, არც თავის მართლების. ჩვენზეა ქვეყნის იმიჯის გამოსწორება. თუ არ გვინდა, რომ ოთხ ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, საჭიროა ქმედითი ნაბიჯები. იქნება ეს სრული გამოძიება თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის გადახედვა, ან არამოსამართლე წევრების დროული შერჩევა. რაც მეტი ქმედითი ნაბიჯი იქნება გადადგმული სასამართლო რეფორმის კუთხით, რასაც ყველა ჩვენი ერთგული პარტნიორი აკვირდება და ელოდება, მით უფრო სწრაფად აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას, მის მიმართ ნდობას. ქვეყანა ნამდვილად ამას არ იმსახურებდა და არ იმსახურებს, რომ ეს საკითხი პოლარიზაციის გაღრმავების მიზეზიც გახდეს. არც შიდა ძალებს შორის და არც ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან ურთიერთობაში. მეგობარმა ქვეყანამ შესაძლოა, დაუნდობლად გვითხრას სათქმელი, მაგრამ კი ნუ გავიბუტებით, ნუ გავბრაზდებით, ნურც გვიხარია, არამედ გავაანალიზოთ, რა, რატომ მოხდა და რა არის გამოსასწორებელი. ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ სხვა შეფასებასაც ვიმსახურებთ, მიზანსაც მივაღწევთ და ძალიან გაგვიხარდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.