უმძიმესი ღამის მერე, კიევსა და ჩერკასში განგაშის ხმა ისევ ისმის და მოსალოდნელი საჰაერო თავდასხმის გაფრთხილების შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედიაც ავრცელებს.
მედიის ცნობით, გუშინდელი ავიაიერიშის შემდეგ ჟიტომირში ორი ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა. ასევე, დანგრეული კერძო სახლების სარდაფებიდან 12 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის ექვსი ბავშვი.
5 ადამიანი ემსხვერპლა და ამდენივე დაიჭრა კიევის ტელეანძის დაბომბვას. უკრაინულ ტელეარხერბზე ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ასახულია როგორ დაეცა ბომბი ტელეანძასთან მდებარე შენობას.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, მარიუპოლში ვითარებას უკრაინელები აკონტროლებენ და თავიანთ პოზიციებზე რჩებიან. ღამით ქალაქზე რუსეთის ძალებმა იერიშები მიიტანეს. დაბომბეს ქალაქის ცენტრი, აფეთქებების ხმა ისევ ისმის.
სუმის რეგიონის გუბერნატორის ინფორმაციით, რუსებმა დაიკავეს ქალაქი ტროსტ-იანეციც.
საჰაერო თავდასხმა იყო ქალაქ ჟიტომირში მდებარე სამხედრო ბაზაზე, ცეცხლი გაუჩნდა რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსსაც - მის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ. დაიღუპა 4 მშვიდობიანი მოქალაქე.
რუსებმა საცხოვრებელ სახლებზე იერიში მიიტანეს ქალაქ ბოროდიანკაში, რომელიც კიევის ცენტრიდან 50 კილომეტრში მდებარეობს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია უცნობია.
ჭურვები მოხვდა საცხოვრებელ კორპუსებსაც. ხანძრის ჩაქრობას რამდენიმე ადგილას ამ წუთებშიც ცდილობენ. უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ რუსულმა მხარემ ხარკოვში დესანტი გადასხა და ღამით ქალაქში რუს სამხედროებსა და უკრაინელ ჯარისკაცებს შორის ბრძოლა მიმდინარეობდა. ხარკოვიდან დილიდან გაყავთ უცხოელი სტუდენტები.
ქალაქ ხერსონის რუსული ძალების მიერ დაკავების შესახებ იუწყება BBC. რუსეთის ჯარებმა რკინიგზის სადგური და მდინარის პორტი დაიკავეს. გამოცემის ცნობით, ქალაქში საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტია და ქალაქის მერი დაჭრილების ევაკუაციას ითხოვს. ვრცელდება ინფოrmაცია დაახლოებით 200 ადამიანის, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის შესახებ.