„ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ციბაძის ინფორმაციით, ვაკის პარკში დაშავებული ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე.
როგორც ექიმმა განაცხადა, მიმდინარეობს ბავშვის სასიცოცხლო ფუნქციების 24-საათიანი მონიტორინგი.
„ბავშვი ჩვენთან შემოიყვანეს უკვე ინტუბირებული, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. ჩვენთან ამ წუთისთვის ჩატარებულია გულის, ტვინის, შინაგან ორგანოებზე ყველანაირი კვლევა. პათოლოგიური ცვლილებები ნაკლებადაა დაფიქსირებული, ამიტომ შედარებით იმედიანად ვართ და იმედი გვაქვს, რომ ყველფერი კარგად იქნება. თუმცა ჯერ რაიმე პროგნოზის გაკეთება ძნელია, რადგან 24 საათიც არ გასულა შემთხვევის მომენტიდან და ბავშვის მდგომარეობა რჩება მძიმე. მიდის 24-საათიანი მონიტორინგი სასიცოცხლო ფუნქციების და ა.შ.
პირველი 24 საათია ყველაზე რთული პერიოდი. 72 საათი უნდა გავიდეს, სტაბილური მდგომარეობა უნდა ჰქონდეს, გაღვიძების მცდელობა უნდა გვქონდეს და შემდეგ შეფასდეს ნევროლოგიურად, რომ რაღაც პროგნოზებზე ვისაუბროთ. ჯერ ძალიან ადრეა. ამ ეტაპზე სედაციის ქვეშ არის და იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე”,- განაცხადა ექიმმა.
არსებული ინფორმაციით, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი არასრულწლოვანი „ნიუ ჰოსპიტალსში“, მეორე კი იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. ერთი არასრულწლოვანი კი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა.