საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას ეროვნული თანხმობის მისეულ გაგებას განმარტავს.
სააკაშვილი, რომელიც რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელს ამჯერად რუსთავის მე-12 დაწესებულებაში იხდის, აცხადებს, რომ ეროვნული თანხმობა არ ნიშნავს, რომ დაპირისპირებულ მხარეებს ერთმანთი მოსწონდეთ. მისი თქმით, ამისთვის მხარეების შეთანხმებაა საჭირო:
„ეროვნული თანხმობა არის წითელი რკალის შემოვლება გარშემო და თქვა, მე შენ არ მომწონხარ, არ მიყვარხარ, არანაირი სურვილი არ მაქვს თვალებში გიყურო ან რაიმე კონტაქტი მქონდეს, მაგრამ მე შენ არ გაგანადგურებ, მე შენ არ მოგსპობ, არ მოგკლავ. ეს არის თანხმობის მთავარი ამოსავალი, რომ ჩვენ ცივილიზებული ერი თუ გვინდა ვიყოთ, ერთმანეთს არ ვანადგურებთ, არ ვკლავთ. ჩვენ ვართ ერთმანეთთან კონკურენციაში. მათ იციან, რომ კონკურენციას ვერ გაუძლებენ ამიტომ, მათი ერთადერთი საშუალებაა ჩვენ გაგვანადგურონ“ – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
10 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირობა დადო, რომ წამოიწყებს “ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩართული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ”.
ამ საკითხზე სასაუბროდ პრეზიდენტი ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიებისა და სამოექალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდა.