„რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობის პროექტის ფარგლებში ხაშურის, სურამისა და ცედანის სატყეოებში, „წითელ ნუსხაში“ შეტანილ 2370 ინდივიდ წაბლს ამოიღებენ.
შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო. უფრო კონკრეტულად, პრემიერ-მინისტრის განკარგულების მიხედვით, პროექტის განხორციელების მიზნით ამოიღებენ 370 ინდივიდ „ჩვეულებრივ წაბლსა და 2000 ინდივიდ 8 სმ-ზე ნაკლები ტაქსაციური დიამეტრის მქონე „ჩვეულებრივ წაბლს“.
„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, „რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობის პროექტის ფარგლებში, 110 კვ სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზის სამშენებლო და საექსპლუატაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, შპს ტაბას (ს/ნ: 405004837) მიეცეს უფლება, სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყეში, კერძოდ, შიდა ქართლის სატყეო სამსახურის, ხაშურის სატყეო უბნის ხაშურის, სურამისა და ცედანის სატყეოებში, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის შემდეგი სახეობა: ა) „ჩვეულებრივი წაბლი“ (Castanea sativa Mill.) – 370 ინდივიდი;
ბ) 8 სმ-ზე ნაკლები ტაქსაციური დიამეტრის მქონე „ჩვეულებრივი წაბლი“ (Castanea sativa Mill.) – 2000 ინდივიდი. 2. შპს ტაბა ვალდებულია: ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ; ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, დაასაწყობოს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მიღება-ჩაბარების აქტით, კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღება განახორციელოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. 3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა”,- ნათქვამია დოკუმენტში.