რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები მონიტორინგის მიზნით, სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში იმყოფებოდნენ, სადაც საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ.
რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები კლინიკის განმეორებით შესწავლის შედეგად მიღებულ დასკვნას მოგვიანებით გაავრცელებენ. რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის დავალებით იმყოფებოდნენ.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, მნიშვნელოვანია აღნიშნულ დაწესებულება რეგულირების სააგენტომ განმეორებით შეისწავლოს, დაიდოს შესაბამისი დასკვნა და აღარ იყოს კითხვები, წარმოადგენს თუ არა ეს კლინიკა რომელიმე პაციენტისთვის რისკს.
ცნობისთვის, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მიღებისთვის N18 დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმეს. ომბუდსმენის განცხადების თანახმად, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.