ალერგოლოგი და ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი იმუნიზაციის საბჭოს წევრი, ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რატომ გადაწყდა მაისიდან მოსახლეობის „სინოფარმითაც“ აცრა.
დღეს, 16 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ ჩინური წარმოების “სინოფარმის” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის იმუნიზაცია მაისის პირველ რიცხვებში დაიწყება.
ჟურნალისტებთან ბიძინა კულუმბეგოვმა განმარტა, რომ „სინოფარმის“ დამატება ვაქცინების სიაში გადაწყვიტეს „აღმავალი მესამე ტალღის“ გათვალისწინებითაც.
„რადგანაც ვაქცინების გამოყენება ჩვენს ქვეყანაში ამ ეტაპისთვის დაშვებულია პრიორიტეტული ჯგუფებისთვის. თითოეული ადამიანის ვაქცინირება, განსაკუთრებით პრიორიტეტულ ჯგუფებში, არის მათი გადარჩენა. და ეს არის ჩემთვისა და იმუნიზაციის საბჭოს ყველა წევრის ამოსავალი წერტილი“, – ამბობს ის.
მისივე თქმით, საბჭო არ გამორიცხავს, რომ მაისამდე „სინოფარმს“ ექნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება:
„თუმცა, მიუხედავად ამისა, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით დავუჭირეთ მხარი, რომ ადამიანებს, ვისაც აქვთ სურვილი, მიიღოს გადაწყვეტილება თვითონვე გათვითცნობიერებული და შესაძლებლობა ექნება ვაქცინებზე. ჩვენ ორი საკითხის წინაშე ვდგავართ, ერთი- მესამე ტალღა და მეორე- ვაქცინებისადმი დაბალი ხელმისაწვდომობა. ამ ორმა ფაქტორმა გადაწონა ყველა ის მონაცემი, რომელიც ჩვენ გვავქს“ ,— აცხადებს ის და ამატებს, რომ საბჭომ გაითვალისწინა ყველა ის ინფორმაცია და მონაცემი, რაც ამ ვაქცინაციაზე არსებობს.
საქართველოს შეძენილი აქვს ჩინეთის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა „სინოფარმის“ 100 000 დოზა, რომელიც დასაწყობებულია. იგივე რაოდენობის „სინოვაკი“ ქვეყანას ჩინეთმა აჩუქა, თუმცა ეს დოზები ჯერ არ მიგვიღია.