რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი დავით შონია, ინფორმაციას კლინიკაში არსებული მედიკამენტების დეფიციტის შესახებ კატეგორიულად უარყოფს.
საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს დაუკავშირდა კოვიდ 19 -ით ინფიცირებული პაციენტის ოჯახის წევრი, რომელმაც განაცხადა, რომ კლინიკაში ელემენტარული აუცილებლობის მედიკამენტებიც კი არ აქვთ და პაციენტების მომარაგება ოჯახებს გარედან, საკუთარი ხარჯებით უწევთ.
“ელემენტარული “რინგერიც” არ არის საავადმყოფოში, რომ გადასხმა ვისაც ჭირდება გაუკეთონ. მედიკამენტები თავად ვიყიდეთ, რაც ჭირდებოდა პაციენტს” - განუცხადა წყარომ BUSINESS TIMS.
აღნიშნულთან დაკავშირებით BUSINESS TAIMI საავადმყოფოს ხელმძღვანელს დაუკავშირდა , დავით შონიამ ბრალდება კატეგორიულად უარყო.
“პაციენტებისთვის საჭირო ყველა პირობა და მედიკამენტი გვაქვს. აღნიშნულს კატეგორიულად უარვყოფ, კოვიდ პაციენტებს გადასხმა ყველა შემთხვევაში არ ესაჭიროებათ, არის შემთხვევები, როცა შესაძლოა ინფუზიამ გამოიწვიოს გართულება ფილტვის შეშუპებამდეც მიიყვანოს საქმე, ასე რომ გადასხმა პაციენტის მდგომარეობის მიხედვით კეთდება. პირობებს რაც შეეხება სველი წერტილი გვაქვს ყველა ოთახში და ცხელი წყალიც. არსებობს რეგულაციები, რომ ვერ ვაკმაყოფილებდეთ , არც გვექნებოდა ფუნქციონირების უფლება”- განაცხადა დავით შონიამ.