საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 4121 გემი, რომელთა 34.2 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 31.3 პროცენტი — თხევადი ტვირთმზიდი, 24.0 პროცენტი — კონტეინერმზიდი, ხოლო დანარჩენი 10.5 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.
როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2024 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 42.9 პროცენტით მეტი სპეციალიზებული გემი მიიღო, 8.4 პროცენტით მეტი თხევადი ტვირთმზიდი, 2.2 პროცენტით მეტი — გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი, კონტეინერმზიდი კი — 18.2 პროცენტით ნაკლები.
„2024 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 22.6 პროცენტი თურქეთის დროშის ქვეშ დაცურავდა, 15.3 პროცენტი — პანამის, 9.2 პროცენტი — მალტის, 6.6 პროცენტი — ლიბერიის, დანარჩენი 46.3 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა. 2024 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 2.0 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 20.0 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი აღემატებოდა შემოსული მგზავრების წილს და 55.0 პროცენტს შეადგენდა. 2024 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 4 232.0 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 13.6 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 44.8 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 36.1 პროცენტი — თხევადი ტვირთი, ხოლო 19.1 პროცენტი — ნაყარი ტვირთი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.