საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განაცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები დაახლოებით 12:00 საათის შემდეგ მოაწერენ ხელს. ამის შესახებ მერაბ ტურავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილების გამოცხადებამდე სასამართლოს რამდენიმე პროცედურა აქვს ჩასატარებელი.
„გადაწყვეტილების გამოცხადების და გამოქვეყნების დღეა 16 ოქტომბერი. ეს დღე შედგება რამდენიმე საათისგან, რაც ნიშნავს, რომ მოსამართლეები შეიკრიბებიან 12 საათის შემდეგ, მოაწერენ ხელს გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ დაახლოებით ორი საათი სჭირდება, რომ გამოსაცხადებლად მომზადდეს გადაწყვეტილების ტექსტი. ექსპერტიზა უნდა გაიაროს სამართლებრივ დეპარტამენტში, რომ ტექსტში რაიმე ტექნიკური ხარვეზი არ იყოს, მათ შორის მუხლების მითითება და ასე შემდეგ. დღის განმავლობაში გამოქვეყნდება გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ მე ვიცი ჩემი და მოსამართლეების პოზიციებიც, კანონდარღვევა იქნება, რომ დოკუმენტის ხელმოწერამდე მე გამოვაცხადო ჩემი პოზიცია. ხელმოწერისთვის დოკუმენტი 16 ოქტომბერს დაიდება და როდესაც მოსამართლეები შეიკრიბებიან 12 საათის შემდეგ, ისინი მოაწერენ ხელს.
არსებობს თათბირის საიდუმლოება, რომელიც არავის უნდა გაანდო, ვიდრე მოსამართლეები ხელს არ მოაწერენ გადაწყვეტილებას. შეიძლება, ხელმოწერამდე მოსამართლემ შეცვალოს თავისი პოზიცია. არავის აქვს ხელმოწერილი. ხელმოწერა იქნება 12 საათის შემდეგ. დღის განმავლობაში ჩვენ ამას დავასრულებთ. არავითარი ზეწოლა არ ყოფილა. ჩვენ არ გვჭირდება არავითარი ზეწოლა, ზეწოლის გარეშეც ვიცით, როგორი და რა გადაწყვეტილებაც უნდა მივიღოთ. მოსამართლეების პოზიცია ჩემთვის რა თქმა უნდა, ცნობილია. ჩვენ შევიკრიბეთ, ვითათბირეთ. აზრთა სხვადასხვაობა იყო თუ არა, ესეც არის თათბირის საიდუმლოება. ამის უფლებაც არ გვაქვს, ვთქვათ. ვიცით, ერთმანეთის პოზიცია. თათბირის საიდუმლოებას ვერ გავამჟღავნებ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერება დოკუმენტს, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც სამართლებრივად დასაბუთებული იქნება. თათბირის საიდუმლოების დარღვევა არის დანაშაული“, – აღნიშნა ტურავამ.
კითხვაზე, ერთსულოვანი იქნება თუ არა გადაწყვეტილება, მერაბ ტურავამ აღნიშნა, რომ „ესეც თათბირის საიდუმლოებაა“.
„თქვენ იცით, რამდენი მოსამართლე რა პოზიციას უჭერს მხარს და ერთსულოვნებაა თუ არ არის ერთსულოვნება, ამის შესახებ გადაწყვეტილების ხელმოწერამდე კომენტარის გაკეთება არ შეიძლება. შესაბამისად, ჩვენ მოსამართლეებმა გავცვალეთ აზრები, ჩამოვაყალიბეთ პოზიციები და შევთანხმდით, რახან 16 ოქტომბერი იყო ბოლო დღე გადაწყვეტილების გამოცხადებისა კონსტიტუციით გათვალისწინებული ერთთვიან ვადაში, ვადას რადგან ვერ დავარღვევდით, დოკუმენტი გამზადებულია ხელმოსაწერად, დღეს აუცილებლად ხელი უნდა მოვაწეროთ, შემდეგ ჩვენ გვაქვს დრო, დღის განმავლობაში დასკვნა გავაგზავნოთ საქართველოს პარლამენტში და ავტვირთოთ ჩვენს ვებგვერდზე“, – განაცხადა ტურავამ.