ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გადამუშავებულია 1570 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი, – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.
ღვინის საწარმოებს ყურძენი 1300 -მდე მევენახემ ჩააბარა; მიღებულმა შემოსავალმა 11 მლნ ლარს მიაღწია.
მიმდინარე წელს, რაჭაში ყურძნის მოსავალი ძირითადი ნაწილი კერძო სექტორის მიერ გადამუშავდა. რთველის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული იყო 60-ზე მეტი
კერძო კომპანია.
რთველის პროცესში კერძო საწარმოების აქტიური ჩართულობისა და სტიმულირების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა რაჭის რეგიონშიც განხორციელდა. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეული არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხადა არანაკლებ 7 ლარი. აღნიშნული კომპანიები, სახელმწიფო სუბსიდიის სახით, 1 კგ ალექსანდროულსა და 1 კგ მუჯურეთულზე 4 ლარს მიიღებენ.
ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარის“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევდნენ ჩასაბარებელი ყურძენს.
რთველის პროცესში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე ყურძნის ჩასაბარებელი 30-ზე მეტი პუნქტი იყო გახსნილი, რაც მოსახლეობას მოსავლის შეუფერხებელი დაბინავების შესაძლებლობას აძლევდა.
რთველი 2022-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბოლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი მოქმედებდა.
რაჭის შემდეგ რთველი ლეჩხუმში, კერძოდ ცაგერის მუნიციპალიტეტში გადაინაცვლებს.
აღსანიშნავია, რომ ლეჩხუმის რეგიონს წელს ადგილწარმოშობის ღვინო „ოყურეშის უსახელოურის“ დაემატა, რომლის მიკროზონა მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ცაგერის ადმინისტრაციულ მუნიციპალიტეტში. ოყურეშის უსახელოური შეიძლება დამზადდეს მხოლოდ მიკროზონაში მოწეული უსახელოურის ჯიშის ყურძნიდან.
„ოყურეშის უსახელოური“ წითელი ღვინოა, რომელიც, შაქრიანობის მიხედვით, შეიძლება იყოს სამი სხვადასხვა კატეგორიის: მშრალი, ბუნებრივად ნახევრად მშრალი ან ბუნებრივად ნახევრად ტკბილი.