თუკი არ გაგიმართლა პირად ცხოვრებაში ყურებს ნუ ჩამოყრი – „ესეც გაივლის“! - წერს ფსიქოთერაპევტი მაგდა კოტრიკაძე.
რა ხდება როცა რაღაც მოლოდინები არ ამართლებს, როცა რაღაც ურთიერთობა სრულდება და მიუღებელი რეალობის მიღება გვიწევს. ეს დასასრულია თუ დასაწყისი? როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს და რაზე უნდა ვკონცენტრირდეთ? აღნიშნულ თემაზე ფსიქოთერაპევტი მაგდა კოტრიკაძე მნიშვნელოვან რჩევებს უზიარებს მკითხველს.
"ყველას გვქონია მომენტი, როცა პირადი ცხოვრება ისე არ აეწყო, როგორც გვინდოდა. შეიძლება ურთიერთობა დასრულდა, შეიძლება იმედები გაგვიცრუვდა. ასეთ დროს გვგონია, რომ ყველაფერი დასრულდა. სინამდვილეში – არა! ცხოვრება ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე ერთი ურთიერთობა. და რაც მთავარია, „ესეც გავილის“!.
პირადი კრიზისი არ ნიშნავს, რომ ცხოვრება გაჩერდა. პირიქით – ეს შეიძლება გახდეს ახალი შესაძლებლობების დასაწყისი. ბევრ წარმატებულ ადამიანს სწორედ რთულ პერიოდში გაუჩნდა ყველაზე დიდი მოტივაცია.
ისტორია გვასწავლის, რომ ყველაზე დიდი ხელოვნების ნიმუშები ხშირად იბადება მაშინ, როცა ადამიანი ყველაზე რთულ ემოციურ მდგომარეობაშია. კლასიკური მუსიკის გენიოსები არ იყვნენ გამონაკლისი – პირადი ცხოვრების კრიზისები მათთვის გახდა შთაგონების წყარო, რომელმაც შექმნა უკვდავი შედევრები.
მაგალითად: ყველასთვის ნაცნობი ბეთჰოვენი: ახალგაზრდობაში უკვე გრძნობდა სმენის პრობლემებს, რაც მუსიკოსისთვის უდიდესი ტრაგედიაა. 1802 წელს მან დაწერა ცნობილი Heiligenstadt Testament, სადაც აღიარებს სასოწარკვეთილებას და თვითმკვლელობის სურვილს. მაგრამ სწორედ ამ პერიოდში შექმნა „Eroica“ – სიმფონია, რომელმაც შეცვალა მუსიკის ისტორია. მისი ტკივილი გარდაიქმნა ენერგიად. თუნდაც, ჩაიკოვსკი, რომლის ცხოვრება სავსე იყო პირადი ტრაგედიებით: დედის გარდაცვალება, რთული ქორწინება და შინაგანი კონფლიქტები. მისი ემოციური ტკივილი აისახა მუსიკაში, მისი მელოდიები სევდიანია, მაგრამ ამავე დროს იმედით სავსე. შოპენი, კი მთელი ცხოვრება იტანჯებოდა ჯანმრთელობის პრობლემებით და ემოციური დაუცველობით. პირადი ტკივილი აქცევს მის მუსიკას განსაკუთრებულს, ლირიკულს და ღმას. ჯოან როულინგი მარტო დარჩა შვილთან ერთად, ფინანსური პრობლემებით და დეპრესიით. მაგრამ ამ დროს დაიწყო „ჰარი პოტერის“ წერა. დღეს მისი წიგნები მილიონობით ადამიანს ახარებს. კრიზისი გახდა მისი წარმატების საწყისი. ოპრა უინფრიმ ახალგაზრდობაში მძიმე ურთიერთობები გადაიტანა. მაგრამ ეს ენერგია მიმართა კარიერის განვითარებაზე. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი მსოფლიოშია. სტივ ჯობსმა Apple-იდან გათავისუფლებით პროფესიული დარტყმა იყო. მაგრამ მან შექმნა Pixar და NeXT, შემდეგ კი დაბრუნდა Apple-ში და შეცვალა ტექნოლოგიური სამყარო. კლასიკოსები გვაჩვენებენ, რომ პირადი კრიზისი არ არის დასასრული – ეს არის ახალი ცხოვრების დასაწყისი. როცა ცხოვრება რთულ გამოცდას გიწყობს, უნდა გახსოვდეს: შეიძლება სწორედ ახლა იბადები ახლიდან!
ლოგიკურად ისმის კითხვა, თუ რა უნდა გავაკეთოთ ასეთ დროს?
• დაისახე ახალი მიზნები – კარიერა, სწავლა, მოგზაურობა.
• შეინარჩუნე აქტიურობა – მეგობრები, ჰობი, ახალი გამოცდილება.
• დაიჯერე, რომ დრო ყველაფერს ალაგებს – დღეს რაც გტკივა ხვალ შეიძლება გახდეს შენი წარმატების საფუძველი.
პირადი კრიზისი არ არის დასასრული. ეს არის ახალი დასაწყისი. „ესეც გავილის“ და შენ კიდევ უფრო ძლიერი გახდები." - წერს მაგდა კოტრიკაძე.