რუსეთი თანმიმდევრულად მისდევს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების სიტყვასა და სულისკვეთებას, – ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წერილში, რომელიც მან გაერო-ს ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მიმოხილვის კონფერენციის მონაწილეებს გაუგზავნა. წერილის სრული ტექსტი კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„როგორც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მონაწილე და მისი ერთ-ერთი დეპოზიტარი, რუსეთი თანმიმდევრულად მისდევს ხელშეკრულების სიტყვასა და სულისკვეთებას. სრულად შესრულებულია ასევე ჩვენი ვალდებულებები აშშ-სთან შესაბამისი შეიარაღების შემცირებისა და შეზღუდვის შეთანხმებების ფარგლებში. გამოვდივართ იქიდან, რომ ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა გაჩაღდეს, ჩვენ მხარს ვუჭერთ თანაბარ და განუყოფელ უსაფრთხოებას მსოფლიო საზოგადოების ყველა წევრისთვის“, – ნათქვამია პუტინის წერილში.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გარანტიების სისტემას და მნიშვნელოვნად მიაჩნია მისი ობიექტური, დეპოლიტიზებული და ტექნიკურად დასაბუთებული გამოყენება.
ამასთან, პუტინი მიიჩნევს, რომ ყველა ქვეყანას, რომელიც იცავს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მოთხოვნებს, უნდა ჰქონდეს მშვიდობიან ატომზე წვდომის უფლება ყოველგვარი დამატებითი პირობების გარეშე.