დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი კორონავირუსის ახალი შტამის პიკურ გავრცელებას საქართველოში 2-3 კვირაში ელოდება.
პაატა იმნაძის თქმით, ახალი შტამით დღიურად ძალიან ბევრი ადამიანის დაინფიცირდება.
"ჩვენს პირობებში, როდესაც მოზრდილი მოსახლეობის 40%-იც არ არის აცრილი, რას გამოიწვევს "ომიკრონი", ძალიან ძნელი სათქმელია წინასწარ, იმიტომ, რომ ამის სხვა ქვეყნების გამოცდილება ჯერ არ გვაქვს," - ამბობს პაატა იმნაძე.
იმნაძის თქმით, თუკი მოქალაქეები აცრაზე უარის იტყვიან და რეგულაციებს არ დაიცავენ, დამატებითი შეზღუდვების დაწესება შესაძლოა გარდაუვალი გახდეს.
"დამატებითი შეზღუდვები ნამდვილად არავის არ უნდა, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ქვეყნის ეკონომიკა ამდენ შეზღუდვებს ვერ გაუძლებს. შეზღუდვები არავის არ გვინდა, მაგრამ თუ ადამიანები არ იქნებიან აცრილი, თუ ადამიანები არ ატარებენ პირბადეს, მაშინ უბრალოდ სხვა გზა აღარ გვრჩება, იმიტომ, რომ დღეს თუ გვეღუპება 50-დან 80 ადამიანამდე ყოველდღიურად, ეს არ გახდეს 100 და 150 ადამიანი," - ამბობს პაატა იმნაძე.
როგორც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამბობს, დღეისთვის, ის ვისაც კი "ომიკრონის" შტამი დაუდასტურდა, ყველა მათგანი იყო აცრილი, შესაბამისად, მისი თქმით, ამ ინფიცირებულებში ინფექცია მსუბუქად მიმდინარეობს და მათ ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებიათ.
"ეს არიან ადამიანები, ვინც საზღვარგარეთ გავიდნენ, საზღვარგარეთიდან დაბრუნდნენ, იქ დაემართათ "ომიკრონი". აბუდაბიში, "ფორმულა 1" ჩატარდა და ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე იმყოფებოდა ამ ფორმულაზე და ბევრნი არიან ამ რეისის მგზავრები. თუმცა, ჩვენ გვაქვს შემთხვევები თურქეთიდან, ამერიკიდან, აფრიკიდან ად ა.შ." - ამბობს პაატა იმნაძე.
წყარო : რუსთავი 2