ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ტენდენციიდან გამომდინარე, მაღალი ალბათობით, ქვეყნის მასშტაბით, სკოლების დიდ ნაწილში 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
რაც შეეხება პირველკლასელებს - ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, პირველკლასელებმა სწავლა არა 15 სექტემბერს დისტანციურ ფორმატში, არამედ 4 ოქტომბერს, დასწრებით ფორმატში, საკლასო ოთახებში დაიწყონ. ეს გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ და მხოლოდ იმ ქალაქებსა და სოფლებს, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი სწავლის დაწყების მომენტისთვის 4%-ზე დაბალი იქნება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება პედაგოგიკურ მოსაზრებას, რომლის თანახმად პირველკლასელთა პირველი სასკოლო გამოცდილება უმჯობესია წარიმართოს საკლასო გარემოში, თანაკლასელებისა და მასწავლებლების გარემოცვაში.
რაც შეეხება კერძო სკოლებს, მათ აქვთ არჩევანის საშუალება, სურვილის შემთხვევაში, პირველკლასელთა სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დისტანციურ ფორმატში დაიწყონ, 4 ოქტომბრიდან კი იმოქმედებენ საჯარო სკოლებისთვის დადგენილი წესის შესაბამისად.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლები, პროფესიული სასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 15 სექტემბერს სწავლას დისტანციურ რეჟიმში დაიწყებენ და ამ ფორმატით სწავლა 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
საკოორდინაციო საბჭო შემდეგ გადაწყვეტილებაზე 4 ოქტომბრის მონაცემების მიხედვით იმსჯელებს. ასევე, 4 ოქტომბრის შემდგომ პერიოდში, იმ სოფლებსა და ქალაქებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ ჩამოვა, დისტანციური რეჟიმი მოიხსნება და სწავლა გაგრძელდება დასწრებულ ფორმატში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წინა სემესტრის მსგავსად ამ შემთხვევაშიც მაქსიმალურად მოქნილ სისტემას შესთავაზებს სასკოლო საზოგადოებას. კერძოდ, სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ გააკეთონ არჩევანი დასწრებულ და დისტანციურ სწავლებას შორის. ცხადია, ეს გადაწყვეტილება ვრცელდება პირველკლასელებზეც.